უსუფაშვილი: ახალი არჩევნების თაობაზე შეთანხმების მიღწევა არის ის გზა, რომელზეც შეგვიძლია, ერთად გავიაროთ

603

ხელისუფლებამ უნდა დაინახოს რა პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური პრობლემები ელის, თუ საქართველოში გვექნება პარლამენტი, რომელშიც არავინ არ იქნება ერთი პარტიის გარდა , – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

დავით უსუფაშვილის თქმით, თუ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ვერ შედგა შეთანხმება, ხელისუფლებაც დაზარალდება და ოპოზიციაც.

„რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს საქართველო ჩვენი პარტნიორების თვალში, თუ ვერ მოვახერხეთ შეთანხმება ახალი არჩევნების თაობაზე და შესაბამისად, ვერ დამშვიდდა ვითარება, მაშინ კი, ჩვენ მივიღებთ ძალიან მძიმე ვითარებას. იმ ტიპის ჩიხურ ვითარებას, როდესაც დაზარალდება ხელისუფლება, ოპოზიცია და დაზარალდება ქვეყანაც. მოგებული ის დარჩება, ვინც ამ ვითარებაში ახალ არჩევნებზე შეთანხმებას შეუწყობს ხელს. ოპოზიციის ხელში ბერკეტები არის 100-ჯერ უფრო ნაკლები, ეს თემები ხელისუფლების გადასაწყვეტია, როგორ მოაგვაროს კრიზისი. ხელისუფლებამ უნდა დაინახოს რა პოლიტიკური, სამართლებრივი მორალური პრობლემები ელის, თუ საქართველოში გვექნება პარლამენტი, რომელშიც არავინ არ იქნება ერთი პარტიის გარდა. თუ მართლაც არავინ არ შევიდა პარლამენტში, რაც დღევანდელი რეალობაა, ესაა, არავინ აპირებს შესვლას“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილის თქმით, გამოსავალი ხელახალი არჩევნების ჩატარებაშია.

„ამ ვითარებაში უნდა მოვძებნოთ გამოსავალი. ახალი არჩევნების თაობაზე შეთანხმების რაც შეიძლება მალე მიღწევა არის ის გზა, რომელზეც შეგვიძლია ერთად გავიაროთ“, – ამბობს უსუფაშვილი.