შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“, გორის მუნიციპალიტეტის მერიას სტალინის გამზირისა და ამილახვრის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე 1,6 კვ.მ. ფართზე იჯარის ხელშეკრულების გაგრძელებას, ორი წლის ვადით სთხოვს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
აღნიშნული ფართი არის მიწისქვეშა გადასასვლელი, რომლის მოვლა პატრონობაც 2018 წლიდან „ჯეო დისტრიბუშენ გრუპს“ ევალება.
საკითხის მიმართ პროტესტი საკრებულოს დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ირმა ამბარდნიშვილმა დააფიქსირა. როგორც დეპუტატი ამბობს, აღნიშნული კომპანია ვერ უზრუნველყოფს მიწისქვეშა გადასასვლელის სისუფთავეს და ჰიგიენას.
“აღნიშნულ ობიექტზე არის ჯიხური, სადაც საკვები იყიდება, რანაირად უნდა დაასუფთაოს მიწისქვეშა გადასასვლელი და მერე ეს პროდუქტი გაყიდოს იქ მომუშავე პერსონალმა?! ვინმე თუ ყოფილხართ გეცოდინებათ, როგორი ანტისანიტარიაა ამ ტერიტორიაზე. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ამ გადასასვლელით არავინ სარგებლობს, ეშინიათ, ისეთი მდგომარეობაა იქ, ყველაფერს ნუ მალაპარაკებთ. გადასარევად იცით, იქ რაც ხდება. მიგვეცა ისეთისთვის, ვინც დაასუფთავებდა, მოუვლიდა, საპირფარეშოთი სარგებლობის შემთხვევაში, თანხასაც დააწესებდა და აღარ იქნებოდა ასეთი ჩაბინძურებული“, – აღნიშნა ირმა ამბარდნიშვილმა
განკარგულების პროექტი საკრებულოს დეპუტატებს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, მერაბ მელანაშვილმა გააცნო და აღნიშნა, რომ კომისიაზე საკითხმა დადებითი შეფასება მიიღო და ირმა ამბარდნიშვილის პროტესტის საპასუხოდ თქვა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოთხოვნა არავის გაუკეთებია.
“არავის უნდა ეს ტერიტორია და თუ ვინმეს უნდოდა, შემოსულიყო წინადადებით და ჩვენც ვიმსჯელებდით“, – ამბობს მელანაშვილი.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ საკითხს მხარი დაუჭირა და შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპს“ იჯარის ხელშეკრულება კიდევ ორი წლით გაუგრძელა.