თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს დღეს, 18 საათამდე შუძლიათ გადასატანი ყუთის მოთხოვნა

420

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის თვითიზოლაციასა და კოვიდსასტუმროებში მყოფ ამომრჩეველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს.

გადასატანი ყუთის მოთხოვნა მათ დღეს, 17 ნოემბერს, 18:00 საათამდე შეუძლიათ.

“თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად იმყოფებიან იმ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებული, პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით, 15 და 16 ნოემბერს 10:00-დან 20:00 საათამდე, ხოლო 17 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს”, – აცხადებენ ცესკოში.

არჩევნების მეორე ტურისთვის თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების ხმის მიცემის უფლებით სარგებლობისთვის ექვსი უბანი იყო გახსნილი, რეგისტრირებული იყო 873 ამომრჩეველი.

არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს, 21 ნოემბერს, ჩატარდება. საქართველოს მასშტაბით არსებული 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური თბილისის 8-ვე ოლქში და რეგიონების 6 ოლქში, მათ შორის ქუთაისშიც, გაიმართება.

2020 წლის 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი, შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას აძლევს.ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური გაერთიანება იქნება წარმოდგენილი. მათ შორის 120 პროპორციული მანდატიდან 116 მანდატი ნაწილდება. ოთხი თავისუფალი მანდატი რჩება, რომელსაც თანმიმდევრობით, უდიდესი ნაშთის მქონე შემდეგი პოლიტიკური სუბიექტები გაინაწილებენ: – “გირჩი”, “ევროპული საქართველო”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები”.

ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და აქციებს მართავენ.