გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ დროისთვის თანხების 70% ათვისებულია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
გორის მერის განცხადებით, ზოგიერთი დაგეგმილი პროექტის განხორციელებას და შესაბამისად თანხის გახარჯვას, ხელი პანდემიამ შეუშალა, რის გამოც მორჩენილი თანხები მომავალი წლის ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლში გადანაწილდება. ამ დროისთვის, შესაძლო აუთვისებელი თანხების ოდენობას კონსტანტინე თავზარაშვილი ვერ აკონკრეტებს და ამბობს, რომ ეს საკითხი თვის ბოლოსთვის იქნება დაზუსტებული.
“რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნაწილი პანდემიამ შეაფერხა. ცოტა თანხები დაგვრჩება ალბათ, მაგრამ ვცდილობთ სრულად ავითვისოთ. თანხები რომ გაიქცა ზემოთ, ყველაფერმა რომ მოიმატა, პროექტები იმ თანხებში ვეღარ შესრულდებოდა, რაც თავდაპირველად იყო გათვალისწინებული. რაღაცეები ჩაგვივარდა, ძირითადად ამაზეა საუბარი. დიდი პროექტები რაც იყო რეგიონალური იმას არ ვგულისხმობ. ბევრი პროექტიც მიმდინარეა, წელს რომ იწყება და მომავალ წელშიც გადადის. ასეთი გარდამავალი თანხები დაგვრჩება სავარაუდოდ.ვნახოთ, ნოემბრის ბოლოსთვის გვეცოდინება ალბათ ბიუჯეტის ათვისებასთან დაკავშირებული დეტალები”, – აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.