“ქართუ ჯგუფისგან” რეკრეაციული ზონის მოსაწყობად შესაბამისი პროექტის დაფინანსებას გორის მერია მომავალი წლიდან ელოდება.
კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, წლის ბოლომდე ამ მიმართულებით ვერაფერი მოესწრება, რადგან მისივე თქმით, ეს იყო მოულოდნელი საჩუქარი და მისი ასახვა ბიუჯეტში ვეღარ განხორციელდება.
“უნდა დავთვალოთ ყველაფერი, ამ წელში ვეღარაფერი მოესწრება. დაფინანსების კუთხით ისევ ქართუ ჯგუფი დაგვეხმარება. მომავალი წლიდან დაიწყება ალბათ პროექტზე მუშაობა”,-ამბობს გორის მერი.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამ საკითხზე “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმაც ისაუბრა. ყოფილმა გუბერნატორმა მაშინ თქვა, რომ პროექტის შემუშავება უახლოეს პერიოდში დაიწყება და 2 ჰა-ზე მეტი ფართობის ტერიტორიაზე1500 ბუჩქი და 400 ძირი ხე დაირგვება.