ავტორი: ქეთევან ვარდიაშვილი
GIZ-ის პროგრამის “კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში” მრჩეველი
წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, რომ, პირობითად, რომელიმე მუნიციპალიტეტმა მოსახლეობას თითო ტონა მოწეულ მოსავალზე, მაგალითად, საზამთროზე, მოსაკრებელი დაუწესოს. მართალია, მუნიციპალიტეტს აქვს ადგილობრივი გადასახადების და მოსაკრებლების შემოღება- გაუქმების კომპეტენცია, მაგრამ ამისთვისაც არსებობს საკანონმდებლო ჩარჩო, თუ რის ფარგლებში უნდა იმოქმედოს მან. სწორედ ამ ჩარჩოს დასაცავად ამოწმებს სამართლებრივი ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მრავალჯერადი და საყოველთაო მოქმედების მნიშვნელობა აქვთ.
ზედამხედველობის არარსებობის პირობებში, ზემოთ მოცემულ შემთხვევაში, მოსახლეობას თანხის გადახდა მოუწევდა.
გარდა ადამიანებზე უშუალო ზეგავლენისა, ზედამხედველობის მნიშვნელობა სახელმწიფო ჭრილშიც რომ განვიხილოთ, უნდა აღვნიშნოთ შემდეგი:
უდავოა, რომ საჯარო საქმეების უმრავლესობას მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს მყოფი ხელისუფლება უნდა აგვარებდეს. სწორედ ამისათვის დაიწყო საქართველოში დეცენტრალიზაციის რეფორმა.
თავისთავად, დეცენტრალიზაცია უფრო მეტი ამოცანის მეტი დამოუკიდებლობის ხარისხით და საკუთარი პასუხისმგებლობით შესრულებას ნიშნავს. მუნიციპალიტეტები საკუთარ მოქმედებებში თავისუფალნი არიან, მაგრამ ამ ამოცანების განხორციელებისას კონსტიტუციის და კანონების დაცვა ევალებათ.
თვითმმართველობის დამოუკიდებლობას საქართველოს კონსტიტუცია შემდეგი ჩანაწერით იცავს:
საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სწორედ კანონის ამ შესაბამისობის დასაცავად არის აუცილებელი მექანიზმების არსებობა, რომელსაც სახელმწიფო ზედამხედველობა ეწოდება.
რამდენადაც ზედამხედველობა მხოლოდ სამართლისა და კანონის დაცვით შემოიფარგლება, იგი აღიარებს და აძლიერებს ადგილობრივ თვითმმართველობას.
სახელმწიფო ზედამხედველობა ორი სახისაა: სამართლებრივი (კანონიერების გადამოწმება ექსკლუზიური უფლებამოსილებების ფარგლებში) და დარგობრივი (მიზანშეწონილობის მოტივით დელეგირებული ამოცანების შემთხვევაში).
სამართლებრივი ზედამხედველობა ისეთ გადაწყვეტილებებზე ვრცელდება, რომლებსაც მრავალჯერადი და საყოველთაო მნიშვნელობა აქვთ (მაგალითად, ადგილობრივი გადასახადების შემოღება, ტარიფების დადგენა და ა.შ.). დარგობრივი ზედამხედველობისას კი პასუხისმგებელი ორგანო (ცენტრალური დონე), რომელმაც ქვედა დონეზე ამოცანის ან მისი ნაწილის დელეგირება მოახდინა, მიზანშეწონილობის მოტივით ზედამხედველობას უწევს უფლებამოსილების განმახორციელებელ ორგანოს, ამ შემთხვევაში – მუნიციპალიტეტს.
ზედამხედველობა სწორედ მეტი ნდობისა და ამოცანების სწორად შესრულების გარანტიად გვჭირდება, რათა მეტი თავისუფლებით და არა – სუბიექტური მითითებებით იმოქმედონ მუნიციპალიტეტებმა. თუ კანონმდებლობა, რეგულაციები და ინსტიტუციები გამართულია, თვითმმართველობები მეტად დაზღვეულად იგრძნობენ თავს გადაწყვეტილებების მიღების დროს, სახელმწიფო დონე კი უფრო ობიექტურ ბაზაზე ეცდება შენიშვნების და მითითებების გაცემას.
საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიულ აქტების კანონიერებაზე სამართლებრივ ზედამხედველობას საქართველოში ახორციელებს საქართველოს პრემიერმინისტრი, ხოლო დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოები არიან კონკრეტული დარგობრივი სამინისტროები დელეგირებული კომპეტენციის სფეროს მიხედვით.
რადგანაც თვითმმართველობის კოდექსით სახელმწიფო ზედამხედველობის არსებობა უკვე გაწერილია, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მეტი ამოცანების დელეგირება და მუნიციპალურ დონეზე ექსკლუზიურ უფლებამოსილებად გადაცემა იგეგმება, ამ ვითარებაში აღნიშნული საკითხი უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და შემდგომ სრულყოფას საჭიროებს დამატებითი ლიტერატურის შემუშავებისა და მუნიციპალიტეტების ინფორმირების კუთხით.