გორის მერია: დასუფთავების დავალიანებას ამ ეტაპზე კომუნალური სუბსიდია არ შეეხება

470

“კომუნალური გადასახადების სუბსიდირებით დასუფთავების ძველი დავალიანების დაფარვა რომ მოხდეს, მთავრობის შესაბამისი დადგენილებაა საჭირო”, – ამ განცხადებას გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი აკეთებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

ზვიად ანესაშვილის თქმით, თვითმმართველობა ამ საკითხზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებს. მისი ინფორმაციით, მოქალაქეთა ნაწილს, 2013 წლიდან ამ დრომდე დასუფთავების გადასახადი დასაფარი აქვს 80-100 ლარის ოდენობით, ნაწილი კი მას ეტაპობრივად იხდის.

“წლების განმავლობაში, მოქალაქეები ნაგვის ფულს არ იხდიდნენ. ქვითრებს ვაწვდით რეგულარულად, თუმცა გადახდა მაინც არ ხდებოდა. ერთადერთი კანონიერი ბერკეტი არის სასამართლო, საჯარიმო სანქციებიც არ არსებობს მაგასთან დაკავშირებით. 2012 წელს, მთავრობის დადგენილებით ჩამოეწერა ადრე ყველას. 2013 წლიდან კი დაიწყო ახალი აღრიცხვა. შეეხება თუ არა კოვიდთან დაკავშირებული კომუნალური სუბსიდია ამ ძველ დავალიანებას, ეს საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე არ წყდება. ეს უნდა მოხდეს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.

მოქალაქეების დიდ ნაწილს ქვითრები მისდიოდათ ხელზე წინა წლებში. 2-3 წელია, სმს შეტყობინებების სახით ვაწვდით ქვითარს. წარმომადგენლებმა თავიდან მასიურად მოგვაწოდეს აბონენტის ტელეფონის ნომრები და ნელ-ნელა ბაზას ვანახლებთ”, – ამბობს ზვიად ანესაშვილი.