გორის მერია მოქალაქეებს ელექტრონულ მომსახურებას სთავაზობს

365

გორის მერია მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს დისტანციურ მომსახურებას ახალი ელექტრონული პლატფორმის საშუალებით სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ელექტრონული მმართველობის სისტემა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში უკვე ამუშავდა, საზოგადოებასა და საჯარო უწყებას შორის თანამშრომლობას მნიშვნელოვნად ამარტივებს.

ამასთან, პროგრამის საშუალებით მოქალაქე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებს გორის მუნიციპალიტეტში განცხადების რეგისტრაციას, საკუთარი იდეის მერისთვის გაცნობას, დეტალური ინფორმაციის მიღებას მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. ასევე შეძლებს ოპერატიულად დახმარების მიღებას ონლაინ რეჟიმში.

ბიზნეს ანალიტიკოსის, ირმა სეხნიაშვილის თქმით, ელექტრონული პლატფორმის მიზანი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და კომფორტული მომსახურების მიწოდებაა.

„მეტი ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა, შემცირებული დრო და ხარჯები, სწრაფი უკუკავშირი, თანამონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობა ერთიანი ელექტრონული მმართველობის სისტემის უპირატესობებია. სისტემა ასევე იძლევა ერთი ფანჯრის პრინციპით ერთი მუნიციპალიტეტის მომსახურების სხვა მუნიციპალიტეტში მიღების შესაძლებლობასაც, რაც გაცილებით ზრდის მომსახურების ხელმისაწვდომობას. აღნიშნული სისტემის დანერგვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში სამ ეტაპიანი პროექტი 7 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა. ელექტრონული პლატფორმის მიზანი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და კომფორტული მომსახურების მიწოდებაა“, – აღნიშნა ბიზნეს ანალიტიკოსმა ირმა სეხნიაშვილმა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში ერთიანი საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის დანერგვის პროცესს უძღვებოდა.

აღნიშნული მომსახურებების მიღება შესაძლებელია შემდეგ ვებ გვერდებზე: განცხადების რეგისტრაცია – ms.gov.ge, შენი იდეა ქალაქის მერს – idea.municipal.gov.ge, მუნიციპალური პროექტების მონიტორინგი – build.municipal.gov.ge, მოქალაქეთა ონლაინ დახმარება – ms.gov.ge

პროექტს თბილისის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთითა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.