გოგი წულაია: ქუთაისში წყალი წყალს მიაქვს და თან წაღებულია მილიონობით ლარი

822

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრი, ქუთაისის მერობის კანდიდატი გოგი წულაია ხელისუფლებას წყლის უყაირათო ხარჯვაში ადანაშაულებს. მისი ინფორმაციით, ქუთაისში, უბან ჭომას დასახლებაში დაზიანებული მილიდან დიდი რაოდენობით წყალი იღვრება. დაღვრილი წყალი კი, „რიონჰესთან“ მდინარეში ჩაედინება.

„მაშინ, როცა მოსახლეობას საფასურის გადაუხდელობის გამო, წყლის მიწოდება აქვს შეწყვეტილი და ასეთი 450 ოჯახია, ესენი ტონობით წყალს ატანენ რიონს. ანუ ქუთაისში წყალი წყალს მიაქვს და იქვე წაღებულია მილიონობით ლარი“, – განაცხადა გოგი წულაიამ.

მისი თქმით, სამუშაოები ქუთაისის მერიის დაკვეთით შპს „კობრამ“ განახორციელა, რომელსაც ასევე უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.

გოგი წულაიას ბრალდების საპასუხოდ ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ დაზიანებული მილი მყისიერად შეკეთდა. წულაიამ კი პროტესტი მას შემდეგ გამოთქვა, როცა პრობლემა უკვე მოგვარებული იყო.

წყარო:  ინტერპრესნიუსი