ქობულეთის სოფელი ციხისძირი სასმელი წყლის გარეშე

673

ქობულეთის სოფელი ციხისძირის მოსახლეობის ნახევარი სასმელი წყლის გარეშეა და ადგილობრივი ხელისუფლების დაპირებების შედეგები მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებმა დღემდე ვერ იხილეს. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

სიუჟეტში ნათქვამია, რომ ამ სოფელში ათობით წელია მოსახლეობა სასმელი, საბანაო, სარწყავი და საერთოდ, ნებისმიერი დანიშნულებისთვის აუცილებელი წყლის გარეშეა. ციხისძირში მცხოვრებლების თითქმის ნახევარი ვერ მოიხმარს უსაფრთხოდ მართულ წყალს, ანუ წყალს, რომელიც სუფთაა და საცხოვრებელში უწყვეტად მოდის.

სოფელში მცხოვრებლებს წყალი გრაფიკით, დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, 1 საათით მიეწოდებათ. ადგილობრივები სასმელ წყალს 2 კილომეტრიდან ეზიდებიან, სხვა საჭიროებებს კი ფაქტობრივად ვერ იკმაყოფილებენ.

პრობლემის მოგვარების მიზნით, შესაბამის უწყებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, პასუხი ყოველთვის იდენტურია, რეალობა კი უცვლელი.

ფაქტს, რომ სტალინის უბანში მცხოვრებლებს სასმელი წყალი რამდენიმე წელია არ მიეწოდებათ, უარყოფენ ქობულეთის მერიაში. უწყების ცნობით, დასახლებაში პრობლემა რამდენიმე დღის წინ, ტექნიკურმა დაზიანებამ გამოიწვია. მუნიციპალიტეტის პრეს-სამსახურის რწმუნებით, საკითხის მოსაგვარებლად სამუშაოები მალევე დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე უამინდობის გამო, დროებით შეჩერებულია.