მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებმა საარჩევნო კომისიებში და უბნებში სისტემური ჩავარდნები გამოავლინა. ანა დოლიძის თქმით, დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო უბნების მაგალითზე კლანურ-ნათესაური კავშირების დამამტკიცებელ მასალებს წარმოადგენს.
„2020 არჩევნებმა საარჩევნო კომისიებში და უბნებში სისტემური ჩავარდნები გამოავლინა. პირველი – ოპოზიციური პარტიებიდან საუბნო კომისიებში დანიშნული წევრების უმეტესობას საერთოდ არ ამოუღია ხმა იმ მასშტაბურ გაყალბებაზე, რომელიც ხდებოდა უბნებში. პირიქით, მათ უპირობოდ მოაწერეს ხელი გაყალბებულ ოქმებზე, რომელსაც დღეს ვარჩევთ. და მეორე – კომისიების დაკომპლექტებაში ჩვენ გამოვავლინეთ უსერიოზულესი პრობლემა, ეს არის კლანურ-ნათესაური კავშირები, რომლებიც ფესვგადგმულია საუბნო და საოლქო კომისიებში. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც არჩევნების დღეს ჰგავდა ჩვეულებრივ საქორწილო სუფრას, სადაც თავს იყრიან ოჯახის წევრები და ნათესავები,“ – განაცხადა ანა დოლიძემ ბრიფინგზე.
მისი განცხადებით, დიდუბის 55-ე უბანზე კომისიის წევრები იყვნენ ცოლ-ქმარი – ნიკა გოგალაძე და მარიამ ხელაძე; ჩუღურეთის 38-ე უბანზე „ქართული ოცნების“ კომისიის წევრი იყო ლია ჩაჩიბაია, ხოლო კომისიის დამოუკიდებელი წევრად მუშაობდა მისი შვილი სოფიკო კვირკველია; დიდუბის პირველ უბანში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ლალი ყურავასთან ერთად კომისიის წევრად მუშაობდა მისი რძალი, თამარ ქობალია. როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, ეს მცირე ნაწილია ამგვარი „კლანურობის“ და ანალოგიური ფაქტები სხვა უბნებშიც მრავლად მოიპოვება.
„დასახელებული ფაქტები აჩვენებს, რომ არავითარ დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ დანიშვნებს საოლქო კომისიების მიერ საუბნო კომისიებში ადგილი არ აქვს. პირიქით, დანიშვნები ხდება ნათესაურ-ოჯახური პრინციპებით, „ქართულ ჯიგრულად“. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ძირშივე არის მორღვეული ის ძირითადი და მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლითაც უნდა დაკომპლექტდეს კომისიები. ამიტომ, დღეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს ამ კომისიების ძირფესვიანი ცვლილება. კლანურობის სისტემიდან ჩვენ თუ უნდა გავთავისუფლდეთ, სხვანაირად ვერასოდეს ჩატარდება ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები,“ – აღნიშნავს მოძრაობა “ხალხისთვის“ ლიდერი.