ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტისას თბილისში აქციები გაიმართება, თუმცა პოლიტიკური გამოსვლები არ იქნება.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ქუჩასა და გამზირზე მოქალაქეები პლაკატებით, დისტანციის დაცვით იდგებიან.
“ეს არ იქნება პოლიტიკური გამოსვლების დღე. ჩვენს ცენტრალურ გამზირებზე ადამიანები გამოვლენ, დაიცავენ დისტანციას, იქნება სტიკერები, სადაც ეწერება, რომ გაყალბებულია, არჩევნები მოპარულია და ცოცხალი ჯაჭვით იქნება სავსე ეს გამზირები. ასევე, იქნება პლაკატები და ამერიკის ბევრი დროშა, როგორც მისალმება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ“, – განაცხადა უგულავამ.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო თბილისში 17-18 ნოემბერს ჩამოვა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს.