გორში ახალი ავტობუსების შემოყვანის დრო გაურკვეველი ვადით გადაიდო

315

გორში დაპირებული ახალი ავტობუსების შემოყვანა გადაიდო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

ეს პროცესი, როგორც 2 კვირის წინ გახდა ცნობილი 12 ნოემბრიდან უნდა დაწყებულიყო და წლის ბოლომდე 30 ავტობუსი ეტაპობრივად უნდა შემოეყვანათ, თუმცა ეს ვადები ამ დროისთვის უწყებების მხრიდან აღარ კონკრეტდება.

“თვის ბოლომდე უნდა შემოვიდეს მე ასე ვიცი. ჯერ არაფერი არ შემოუყვანიათ, მაგრამ ველოდებით. ჩვენზე რომ იყოს დამოკიდებული, ძალიან კარგია, დღესვე შემოვიყვანდით“, – აცხადებს გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი.

30 ახალი ავტობუსი გორის მერიას, მუნიციპალური განვითარების ფონდისგან უნდა გადაეცეს. როდიდან დაიწყება ავტობუსების გორში ჩამოყვანა ვერც ამ უწყებაში აკონკრეტებენ.

“ეტაპობრივად ჩამოდის ეს ავტობუსები, მაგალითად თელავისთვისბაკურიანისთვის ქუთაისისთვის ჩამოვიდა. გორისთვის ჯერ არა მაგრამ ჩამოვა ეტაპობრივად და გადაეცემა მერიას”, – აცხადებს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი, მაკა ანდრონიკაშვილი.

გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოსგან ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უახლოეს ორ კვირაში, გორში თავდაპირველად 5 ავტობუსი შემოვიდოდა, მანამდე კი მერია მძღოლების შერჩევას და მათ გადამზადებას უზრუნველყოფდა. მუნიციპალური განვითარების ფონდში კი აცხადებენ, რომ ახალი ავტობუსების გადაცემის პროცესი საქართველოს შერჩეულ ქალაქებში 2021 წლის გაზაფხულამდე დასრულდება.