თალაკვაძე: ორ მილიონამდე ადამიანმა ხმა მისცა საქართველოს წინსვლას – უფლება არ გვაქვს ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი!

427

პანდემიის მიუხედავად ორ მილიონამდე ადამიანმა ხმა მისცა საქართველოს წინსვლას, მშვიდობას და სტაბილურობას. უფლება არ გვაქვს ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი! – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

თალაკვაძე ოპოზიციასთან გუშინ დაწყებულ მოლაპარაკებზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ის პოლიტიკურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

„პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. იმედი მაქვს, ის ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სტაბილურობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებშია.

მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს – პანდემიის მიუხედავად ორ მილიონამდე ადამიანმა ხმა მისცა საქართველოს წინსვლას, მშვიდობას და სტაბილურობას. უფლება არ გვაქვს ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი!

მადლობას ვუხდი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს დიალოგის მხარდაჭერისთვის!“, – წერს თალაკვაძე.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებსა და “ქართული ოცნების” წარმომადგენელ არჩილ თალაკვაძეს შორის შეხვედრა 12 ნოემბერს შედგა. შეხვედრაში ოპოზიციის მხრიდან ბარიერგადალახული 8 პარტიის ლიდერები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი.

ეს შემადგენლობა პირველად შეიკრიბა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს, შედეგებს არ აღიარებს, აქციებით აპროტესტებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ამ დროისთვის ყველა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ გაყალბებული შედეგებით დაკომპლექტებულ პარლამენტში არ შევა.