“შტეფსელი” დამაგრძელებელზე იაფია, ანუ დაუჯერებელი აბავი

6328

ნათია ნადირაძე

მიხეილ ჩიტაძე

“გორის საინფორმაციო ცენტრი”

ამას წინათ შევხვდი “გორელ ფოტოგრაფთა კლუბის” წარმოადგენელს და სიხარულით მივულოცე ყოფილი თავდაცვითი ნაგებობების მუზეუმის შენობის გარემონტება, რომლიც გორის შუაგულში, ყოფილი ბაზრის ტერიტორიის მახლობლად მდბარეობს და რომელიც, ევროკავშირისა და გორის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გორის მერიამ შეარემონტა (შენობა, საგამოფენო სივრცის მოსაწყობად, ამ ორგანიზაციას გადაეცა).

გაირკვა, რომ მისალოცი ბევრი არაფერი იყო.

აღმოჩნდა, რომ სახურავიდან წყალი ისევ ჩამოდის, კედლები სველდება, უშველებელი დარბაზებიდან ერთში მხოლოდ სამი შტეფსელია დამონტაჟებული, ხოლო მეორეში  – ოთხი (არ დაივიწყოთ, შენობა საგამოფენო სივრცეა). ეს იმ ხარვეზების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელიც ადამიანს შეუაიარაღებლად ხვდება თვალში. ექსპერტული დათვალიერება, ვშიშობ, ბევრად მეტს აღმოაჩენს.

პროექტის დაწყებამდე, “გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა”, საკუთარი ძალებით და ქალაქის გულშემატკივარი მოქალაქეების დახმარებით, დაიწყო შენობის რემონტი: სახურავიდან წყლის დენა შეაჩერა, კედლებში ჩაამონტაჟა ელექტროგაყვანილობის სადენები, დაასუფთავა შენობა, საიდანაც წლების განმავლობაში დაგროვილი ნაგავი და ფეკალური მასები გაიტანა (მოუვლელობის გამო შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია ერთ დიდ საპირფარეშოდ იყო ქცეული). მაგრამ მოვიდნენ გორის მერიის მიერ დაქირავებული  „სასიქადულო პროფესიონალი მშენებლები“ და სტატუს კვო აღადგინეს –  მადლობა ღმერთს, დაბინძურებისა და დანაგვიანების გარდა.

კლუბის წარმომადგენლები, რომლებსაც კარგად ჩამოყალიბებული ხედვა აქვთ დარბაზისა და სივრცის ფუნქციებთან დაკავშირებით, სთხოვდნენ მშენებლებს, მანამდე მათ მიერ  გაყვანილი სადენები ბოლომდე არ ჩაელესათ კედლებში, მაგრამ პრინციპული მშენებლები შეუვალნი აღმოჩნდნენ.

თანამედროვე, და არა მხოლოდ თანამედროვე, საგამოფენო დარბაზი შესაბამისი განათების გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია და რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, დღეისთვის ნავთის ლამფებსა და ჭრაქებს აღარავინ იყენებს, რადგან მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მთელი მსოფლიო ელექტროგანათებაზე გადავიდა. სამწუხაროდ, ელექტროგანათებას ერთი უარყოფითი თვისება აქვს: საჭიროა განათების ადგილამდე დენის მიყვანა (ეს ისე, თუ ვინმემ არ იცის). თან, ჩვენს გამოწვევებით სავსე დროში, გარეგაყვანილობას აღარავინ აკეთებს ისე, რომ, თუ რამე სერიოზულის გაკეთება მოვინდომეთ, მინიმუმ, კედლები არ გვქონდეს დასათხრელი. თუმცა, ამაში პრობლემას მაინც ვერ ვხედავ: კედლები ისედაც დასათხრელია, რადგან ნესტმა საკმაოდ შთამბეჭდავი ფრესკებით მოხატა კედლები (და ჭერის ნაწილიც). თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი ძალიან გვალვიან ზაფხულში; ზამთრის თოვლისა და გაზაფხულის წვიმების შემდეგ, ბუნების ფერწერა, ალბათ, უფრო გრანდიოზულ მასშტაბებს მიიღებს შენობაში, რომლის რეაბილიტაცია გრანდიოზული პროექტის ნაწილს წარმოადგენს.

ახლა სერიოზულად:

მე და ამ ქალაქის გულშემატკივარ ძალიან ბევრ ადამიანს, გვაინტერესებს შემდეგი:

  • იცოდა თუ არა მან, ვინც ამ შენობის რეკონსტრუქცია დაგეგმა, რისთვის იყო გათვლილი შენობა და, თუ იცოდა, რატომ არ გაითვალისწინა შენობის დანიშნულების სპეციფიკა?
  • რატომ არ გაკეთდა კედლების ჰიდროიზოლაცია?
  • როგორ ჩაიბარა მერიამ ამდენი ხარვეზების მქონე შენობა (ჩვენი ინფორმაციით, მერიამ შენობა უკვე ჩაიბარა)?
  • როგორ აპირებენ, წარუდგინონ ევროკავშირს შენობა და დაარწმუნონ, ჩაიბაროს შესრულებული სამუშაოები?
  • დაიტოვა თუ არა მერიამ რაიმე ბერკეტი, რათა შემსრულებელმა აღმოფხვრას ხარვეზები?
  • თუ მშენებელმა არ გამოასწორა ხარვეზები, როგორ და რა წყაროებიდან დაფინანსდება ხელახალი სარემონტო სამუშაოები?

აქ კიდევ ერთი და ძალზე საინტერესო კითხვა რჩება:  ასეთივე ხარისხით აკეთებენ თუ არა საკუთარ სახლებშიც რემონტს ამ პროექტის დამგეგმავები და შემსრულებელ-ჩამბარებლები?  დარწმუნებული ვარ, რომ მათ სახლებში ვერსად ნახავთ „ლილოს“ ბაზრობის ყველაზე იაფიან სანათებს,  რომლის სიმძლავრე პატარა სამზარეულოსაც არ ეყოფა, ან იგივე ხარისხის ფილას, ან ასე ოსტატურად ამოვსებულ ნაპრალებს ფილებს შორის.

ერთი სიტყვით, რა ნაგავშიც ვისხედით, იმავე ნაგავში ვრჩებით, რაგან ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, არაფერი იცვლება.

გამოსავალი ამ სიტუაციიდან საკმაოდ რთული და გრძელვადიანია და ვშიშობთ, საკმარისი არ იქნება, მხოლოდ მშენებელი გავკიცხოთ და მერიას  ვაგებინოთ პასუხი არაფროპესიონალიზმის და უსინდისობის გამო (თუმცა, ეს პრობლემის გამოსწორების აუცილებელი ზომებია).

ვუბრუნდებით ისევ კარგად ნაცნობ მტკიცებას – პრობლემა სისტემურია და არსებული სისტემა არ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ხარისხს, არ აძლევს დაინტერესებულ პირებს საშუალებას, მოახდინონ გავლენა გადაწყვეტილებების რელევანტურობასა და შესრულებილი სამუშაოების ხარისხზე.

P.S. ამ პრობლემის სისტემურობის კიდევ ერთი მანიშნებელია ამავე პროეტქის ფარგლებში „მოწყობილი“ ველობილიკები, რომელიც გამოჩენის დღიდან ახალისებს გამვლელებს და სამწუხაროდ, იმ ძველი ქართული გამონათქვამისა არ იყოს, მტერსაც და მოყვარესაც თვალებს უბრმავებს დღითაც და ღამითაც.