ოპოზიციის წარმომადგენლები 17 ან 18 ნოემბერს, როდესაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს ვიზიტია დაგეგმილი, განსხვავებული ფორმატის აქციას აანონსებენ.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ეს იქნება მისალმება და დახვედრა სტრატეგიული პარტნიორისადმი მხოლოდ ერთი კონკრეტული მესიჯით “არჩევნები გაყალბდა”.
„14 ნოემბერს, 15:00 საათზე, შაბათს ვგეგმავთ რუსთაველზე, პარლამენტის წინ კვლავ დიდ აქციას. მინდა ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდო აქტიურობისკენ. ძალიან მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ, ჩვენი ბრძოლა მნიშვნელოვან ფაზაში შედის. ამიტომ, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე, ყველას მოგიწოდებთ მოსვლისკენ.
ასევე, ჩვენ ვგეგმავთ აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატის აქციას 17-ში ან 18-ში. ეს იქნება, ერთის მხრივ, ტოტალური გაყალბების წინააღმდეგ მიძღვნილი აქცია, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, მაიკ პომპეოს ერთგვარი საზეიმო დახვედრა.
ბუნებრივია, ლოკაცია და ფორმატი მთლიანად განსხვავებული იქნება, არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები. ლოკაციაც იქნება ისეთი, რომ არანაირად შეხებაში არ შევიდეს უსაფრთხოების ფორმებთან. იქნება დაკრული სტიკერები, სოციალური დისტანცია აბსოლუტურად დაცული და მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა გამოვიდნენ, დააწებოს სტიკერი, დადგეს და თქვას ერთადერთი რამ: გაყალბებულია. ერთადერთი, რაც ამ აქციაში მონაწილე ყველა შესაძლოა, ერთმანეთისგან ყველაფრით განსხვავებულ ადამიანს შეუძლია, დადგეს და თქვას, რომ გაყალბებულია”, — აცხადებს უგულავა.
მისივე თქმით, ეს აქცია იქნება მისალმება სტრატეგიული პარტნიორისადმი მხოლოდ და მხოლოდ ერთი მესიჯით, რომ “არჩევნები ტოტალურად გაყალბდა”.
“ჩვენ, ერთის მხრივ, ამერიკის დროშებით ვესალმებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და, ამავდროულად, ვეუბნებით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მეტი მესიჯი არ არსებობს, მეტი პოლიტიკური გამოსვლა არ იქნება, იქნება მხოლოდ მდუმარე ფორმა საზოგადოების უდიდესი ნაწილით ამ ერთადერთი მესიჯით”, — აცხადებს უგულავა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო თბილისში 17-18 ნოემბერს ჩამოვა. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს.