ვაშაძე: ჩვენი წინადადებაა ხელახალი არჩევნები, სხვა რაღაც მაიმუნობაში მონაწილეობას არ ვაპირებთ, ეს ძალიან კარგად იცის დიპლომატიურმა კორპუსმა

343

ქვეყანაში ტოტალური კოლაფსია, რაც რვა წლის მანძილზე დეინსტიტუციონალიზებულმა მმართველობამ მოიტანა – ჩამოშლილია აბსოლუტურად ყველაფერი, – აღნიშნული შეფასება “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ მოძრაობა “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

მისივე აზრით, ოპოზიცია შექმნილ ვითარებაში ადეკვატურად მოქმედებს, პროცესს სწორად უყურებს და კრიზისიდან ლოგიკურ გამოსავალს ეძებს. ვაშაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ოპოზიციის მზაობა სახელისუფლო პარტიასთან დიალოგზე.

“ჩვენ პროცესს ადეკვატურად ვუყურებთ – ასე ვერ გაგრძელდება. საჭიროა საერთო პოზიციების შეჯერება და თუ საჭიროა ჩვენი დასავლელი პარტნიორების შუამავლობით. ჩვენი წინადადებაა ხელახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციისა და ახალი საარჩევნო პროცედურების პირობებში. ამის ალტერნატივა მე ჯერ არ მომისმენია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაღაც მაიმუნობაში ვაპირებთ მონაწილეობას, ამას არ ვაპირებთ და ეს ძალიან კარგად იცის ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომელმაც აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთო ოპოზიციურ ფორმატში “არცერთი სხვა პოზიცია არ განხილულა“.