პარტია “მოქალაქეების“ თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლების წინაშე დასაყენებელი მოთხოვნების თაობაზე ოპოზიციაში აზრთა გაცვლა-გამოცვლა გრძელდება და შეჯერებული პოზიცია, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.
როგორც ელისაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა, ოპოზიცია მოლაპარაკებისთვის მზად არის.
“უნდა შევიკრიბოთ იმაზე სალაპარაკოდ, რომ არჩევნები არის გაყალბებული, გაყალბებულმა არჩევნებმა კრიზი შექმნა, წინ არის მეორე ტურები და რა არის გამოსავალი. დიალოგი კიდევ უფრო დაჩქარდა და ჩვენი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კავკასიაში ის რეალობა შეიქმნა, რაც მივიღეთ“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
ამასთან, პარტია “მოქალაქეების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ოპოზიციის მიტინგებით დახვედრა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
“არ მიმაჩნია სერიოზულად, რომ მაიკ პომპეოს მიტინგებით დავხვდეთ, მის კორტეჟს გზა გადავუკეტოთ და ყურადღება ასე მივიქციოთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საკმარისად მეტად არის ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში. პომპეოს საქართველოში ვიზიტი მაინც საერთაშორისო კონტექსტს უკავშირდება“, – განაცხადა ელისაშვილმა.