გახარია: წერტილოვან შეზღუდვებს გავაგრძელებთ, თუმცა, ჯანდაცვის სისტემა არაა ამოუწურავი

293

პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მთავრობა ადაპტაციისა და წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას აგრძელებს, თუმცა ამატებს, რომ ჯანდაცვის სისტემა ვერ იქნება ამოუწურავი. 12 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ თქვა, რომ ჯანდაცვის სერვისები მათ უნდა მოხმარდეთ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

“ჩვენი სტრატეგია არის ადაპტაციისა და წერტილოვანი შეზღუდვების. ამ სტრატეგიას მივყვებით და ამას გავაგრძელებთ, თუმცა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა, როგორც აღჭურვილობის, ისე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არ რის.

ამიტომ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემის მომსახურება და სერვისები ყველაზე მეტად მოხმარდეს იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე უფრო მეტად სჭირდება: ჩვენს ხანდაზმულებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ უფრო ეფექტიანი ოპერირება შეძლოს”, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გუშინ, 11 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოში ე.წ. ლოკდაუნის გამოცხადება კორონავირუსით ინფიცირებულთა და ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას შეამცირებს.

ამავდროულად, ცერცვაძე აცხადებს, რომ ე.წ. ლოკდაუნით მოსახლეობის ნაწილი ეკონომიკურად დაზარალდება.

“ამერიკას ვერ გადაუწყვეტია რომელია უკეთესი. ჩემი შეფასებაა, რომ თუ ლოკდაუნს არ გამოვაცხადებთ, შემთხვევათა რაოდენობა 3 000-ს გადასცდება და 4 000-მდე ავა”, – განაცხადა ცერცვაძემ.