გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი საპროტესტო აქციის ფონზე დაამტკიცა

528

წინა სტატია

გორის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა, რომელიც ოპოზიციის აქციის ფონზე მიმდინარეობდა, დასრულდა. გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი უკვე შეადგინა.

დოკუმენტის თანახმად, 31 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გორისა და კასპის გაერთიანებულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამარჯვება გიორგი ხოჯევანიშვილმა მოიპოვა.

გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ მირუაშვილის თქმით, შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერეს კომისიაში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა.

„კომისიის დღევანდელ სხდომაზე შემაჯამებელი ოქმი შედგა, გამოცხადდა შედეგები როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით. შედეგების მიხედვით, მე-15 მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულ მაჟორიტარ დეპუტატად „ქართული ოცნების“ კანდიდატი, გიორგი ხოჯევანიშვილი გამოცხადდა. მას ამომრჩეველთა 55,58%-მა დაუჭირა მხარი, რაც რაოდენობრივად 41 333 ხმას გულისხმობს.

მიუხედავად იმისა, რომ კომისიის ყველა წევრი საარჩევნო კოდექსის მიხედვით ვალდებულია, ხელმოწერით დაადასტუროს ოქმის მიღება, ოქმს ხელი არ მოაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა კი, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მათი ეს პოზიცია სხდომის ოქმში აისახება“, – განაცხადა მალხაზ მირუაშვილმა.

არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პასუხობს, რომ კენჭისყრის დღეს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას შეეძლო ინფორმაციის მიწოდება ან საჩივრის დაწერა შესაძლო დარღვევებზე, თუმცა, მხოლოდ 9 საჩივარი დაიწერა. სხდომაზე მოხდა მათი განხილვა და შემოწმებისას დადასტურდა, რომ მონაცემებში ცდომილება არ იყო.

რაც შეეხება საპროტესტო აქციას, რომელიც კომისიის სხდომის ფონზე, საარჩევნო ადმინისტრაციის შენობის გარეთ მიმდინარეობდა, მალხაზ მირუაშვილის განცხადებით, თავისუფალი გამოხატვა ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა.

რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, შედეგები ასე გამოიყურება: „ქართული ოცნება“ – 38 371 (52.00%); „ნაციონალური მოძრაობა“ – 20 547 (27.84%), „პატრიოტთა ალიანსი“ – 2 897 (3.93%), „ევროპული საქართველო“ – 1 759 (2.38%), „ლელო“ 1634 (2.21%).