გორის მერის ყოფილი მოადგილე უწყებას 30 წლით მიწის ნაკვეთის გადაცემას სთხოვს

356

გორის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილმა მოადგილემ თამაზ შიოშვილმა უწყებას, ცხინვალის გზატკეცილზე არსებული მიწის ნაკვეთის 30 წლით გადაცემა სთხოვა. აღნიშნულ საკითხს საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

მიწის ნაკვეთი წმინდა წყლის დასახლებაში მდებარეობს და მისი ფართობი 2 041 კვადრატული მეტრია. შიოშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ ნაკვეთზე კომერციულ ფართს ააშენებს.

“აშენდება კომერციული დანიშნულების ობიექტი, რომელიც გადაცემის შემთხვევაში დასრულდება ორი წლის ვადაში, განხორციელდება 100 000 ლარის ინვესტიცია, დასაქმდება საქართველოს 10 მოქალაქე” , – აღნიშნავს შიოშვილი.

როგორც ცნობილია, მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება მერიამ 78 578 ლარით და 50 თეთრით განსაზღვრა.