საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი ეხმაურება 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს და შემდგომ განვითარებულ სამწუხარო მოვლენებს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიმდინარე წელს გატარებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა და თითქმის პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებამ, გააჩინა რეალური პერსპექტივა, საკანონმდებლო ორგანო გამხდარიყო უფრო პლურალისტური და გადადგმულიყო ქმედითი ნაბიჯები კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის.
თუმცა, ვიზიარებთ საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების შეფასებებს და მიგვაჩნია, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ისე არჩევნების დღე და ხმის დათვლის პროცესი მრავალრიცხოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ტენდენცია, რომ წაიშალა ზღვარი მმართველ პოლიტიკურ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული რესურსი, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის დაშინების, მოსყიდვის და მათ თავისუფალ ნებაზე კონტროლის განხორციელების მცდელობებს, რამაც, შესაძლოა, ეჭქვეშ დააყენოს არჩევნების და აღნიშნული არჩევნების შედეგად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმუმრობის საკითხი. მით უფრო, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მხოლოდ ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ, საშუალებას წაართმევს საკანონმდებლო ორგანოს, სრულყოფილად განახორციელოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, 2020 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მშვიდობიანი პროტესტი საქართველოს პარლამენტის, ხოლო მოგვიანებით – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარედ. აღნიშნული პროტესტის დროს, სამართალდამცავებმა გამოიყენეს შეკრება-მანიფესტაციის დაშლის სპეციალური საშუალებები, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით, რამაც ხელი შეუწყო დაძაბულობის ესკალაციას და დაშავდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები.
მიგვაჩნია, რომ უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი განსამუხტად და პროცესების ნორმალურ ვითარებაში დასაბრუნებლად, აუცილებელია:
- ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა მოხდეს ხმების ხელახალი გადათვლა და სამართლიანი შედეგების გამოცხადება;
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე და უზრუნველყოს ხმათა სამართლიანი გადათვლა, ან დატოვოს დაკავებული თანამდებობა;
- ხელისუფლებამ უზრუნველყოს პროცესის ნორმალიზება და მოლაპარაკებების გამართვა პოლიტიკურ სუბიექტებთან;
- ხელისუფლებამ თავი შეიკავოს კონსტიტუციურ უფლებებში გაუმართლებელი და არაპროპორციული ჩარევისგან, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების არალეგიტიმური შეზღუდვისგან;
- ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა უზრუნველყონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებების მშვიდობიანად განხორციელება, სიტუაციის დეესკალაცია და მოლაპარაკებების მეშვეობით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა;
- მხარეებმა გამოიყენონ ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაცული იყოს თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლება.
- საერთაშორისო ორგანიზაციებმა და პარტნიორებმა კვლავ გასწიონ ძალისხმევა, რომ მათი მედიაციით წარიმართოს მოლაპარაკება პოლიტიკურ სუბიექტებს შორის.
ვიმედოვნებთ, პოლიტიკოსები შეძლებენ, მოლაპარაკების მეშვეობით გადაწყვიტონ პრობლემური საკითხები და საფრთხე არ შეუქმნან ქვეყნის სტაბილურ განვითარებასა და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების განუხრელ დაცვას.