“ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმები წარადგინა.
კახიშვილის განცხადებით, თავდაპირველ ოქმებში იყო ხარვეზები, რომელიც შემდეგ ჩასწორდა.
“ხედავთ წერია: კახიშვილი – 63 ხმა. როდესაც ჩვენმა დამკვირვებელმა თქვა, 63 როგორ, მანამდე 163 დაითვალე, იქვე შევიდა შესწორების ოქმი და 163 ხმა დაამატეს. მინდა გითხრათ, რომ ამ ორივე ოქმს, ხელს ერთი და იგივე ხალხი აწერს – ამ ხელმოწერებში არიან სწორედ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ვისაც საოლქო კომისიაში წარმომადგენელი ჰყავს.
მეორე ოქმი – ოქმში მიწერია ერთი ხმა, ჩემს წინ სვეტში დავით ჩიგოგიძეს უწერია ჩემი 196 ხმა. როდესაც უთხრეს, რომ თქვენ შეგეშალათ და 196 ხმა უნდა იყოს, სხვა სვეტში, იგივე ადამიანებმა შესწორების ოქმში მიუთითეს – 196.
კიდევ ერთი ოქმი, სადაც ხმა საერთოდ არ მიწერია, შესწორების ოქმში აღმოჩნდა, რომ 239 ხმა მქონდა.კიდევ ერთი ოქმია, სადაც 8 ხმა მიწერია, როდესაც დამკვირვებლებმა თქვეს 448 ხმა დაითვალეთო, შესწორების ოქმში შევიდა 448 ხმა”,- განაცხადა კახიშვილმა.
მისივე თქმით, ოქმების გასაჩივრებას არ აპირებს.
“სიმართლე გითხრათ ეს პროცესები რომ დაიძაბა, ნამდვილად არ მინდა ცალკე ვასაჩივრო ეს ოქმები, რაც არის არის, იყოს მეორე ტური, ამის პრობლემას ვერ ვხედავ”, – დასძინა მან.