„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ აქციებსა და პოლიტიკურ აგიტაციებზე შეზღუდვა არ უნდა დააწესოს, რათა არ გაჩნდეს ეჭვი, რომ პოლიტიკური პარტიები იზღუდებიან.
როგორც ლევან ნატროშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განმარტა, თუ ხელისუფლებას ქვეყანაში ისედაც გამწვავებული ვითარების კიდევ უფრო დამძიმე არ სურს, ოპოზიციური პარტიების აქტივობებზე გამონაკლისი უნდა დაუშვას, როგორც ეს წინასაარჩევნო პერიოდში ხდებოდა.
„როგორც იცით, გამონაკლისი იყო დაშვებული წინასაარჩევნო პერიოდში, რომ პოლიტიკურ პარტიებს ხელი არ შეშლოდათ. აქაც, იდეაში, ჩვენ ვართ წინასაარჩევნო პერიოდში, ვინაიდან მეორე ტური უნდა დაინიშნოს ბევრ საარჩევნო ოლქში. ამიტომ, წესით, შეზღუდვები ისევ არ უნდა შეეხოს პოლიტიკური პარტიების აქტივობას და თუ რაიმე განსხვავებული მიდგომა იქნება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვები გაჩნდება იმ კუთხით, ხომ არ იზღუდება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.
თუ ხელისუფლებას სურს, რომ ქვეყანაში სიტუაცია, რომელიც ისედაც არ არის მშვიდი, კიდევ უფრო არ გამწვავდეს, წესით, ასეთი ნაბიჯი არ უნდა გადადგას და კვლავ უნდა დარჩეს გამონაკლისი ასეთი ტიპის შეკრებებზე და ამ შემთხვევაში, თვითონ პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელობისა და მათი მხარდამჭერების სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე იქნება, თუ რამდენად დაიცავენ პანდემიის საწინააღმდეგოდ შემუშავებულ წესებს და რამდენად გაუფრთხილდებიან საკუთარ თავს და საკუთარ ამომრჩეველს, ისე როგორც ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში იმისთვის, რომ მერე არ გაჩნდეს ეჭვები, რომ იზღუდებიან პარტიები, რათა მათ არ ჩაატარონ გარკვეული აქცია, მაგალითად რომელიც არის დაგეგმილი კვირას,“ – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ვარაუდით, ოპოზიციის აქციები „დააჩქარებს ჩვენთან პიკის მოსვლას და უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ველოდით“. გახარია არ გამორიცხავს, რომ ოპოზიური სპექტრის აქტივობის გამო გადასახედი გახდეს წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტურობა.
„ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის გამო დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტურობა გადასახედი გვექნება“, – აღნიშნა პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.
ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილის თქმით კი, გამორიცხული არ არის გადაადგილებაზე წერტილოვანი შეზღუდვა დაწესდეს.