პრემიერი: ის პოლიტიკური აქტივობა, რაც ქუჩაში ხდება, დააჩქარებს ჩვენთან პიკის მოსვლას – უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ველოდით

331

ჩვენ გადავდივართ ახალ ფაზაზე, დღეს უკვე კორონავირუსით ინფიცირების 2400-ზე მეტი ახალი შემთხვევა გვაქვს; იმ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს და ევროპაში ვირუსის გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, როგორც ჩანს ზრდა გაგრძელდება, ეს ფაქტია და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ყველა შესაბამისი უწყების მაქსიმალური მობილიზაციის მნიშვნელობას, რათა საჭირო ღონისძიებები, მათ შორის წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ უფრო ეფექტურად გატარდეს.

„რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური აქტივობა, რაც ქუჩაში ხდება, ძალზედ დააჩქარებს ჩვენთან პიკის მოსვლას. უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ველოდით, რადგან მობილობა, რომელსაც ქუჩის აქციები იწვევს, რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირშია ინფიცირების სწრაფ ზრდასთან. ამიტომ, საჭიროა აბსოლუტურად ყველა სამინისტროს და შესაბამისი უწყებების სრული მობილიზაცია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ადაპტაციის სტრატეგიას არ ვცვლით, მაგრამ ადაპტაციის პარალელურად ძალზედ ეფექტურად უნდა ვიფიქროთ, რა შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტური იქნება. არ ვსაუბრობთ ქვეყნის მასშტაბით სისტემურ შეზღუდვებზე, არამედ წერტილოვან შეზღუდვებზე“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა თვითიზოლაციის ინსტრუმენტის ეფექტურობა ვირუსის გავრცელების ჯაჭვის გაწყვეტის პროცესში, ასევე – ბინაზე მკურნალობის მნიშვნელობა ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილებაში.

„როდესაც ადამიანს პირველი სიმპტომი უჩნდება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ტესტის დადებითი პასუხი ან მოასწრო თუ არა ტესტის აღება, მაშინვე უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, რადგან თვითიზოლაცია ამ ჯაჭვის გაწყვეტის ყველაზე კარგი და ეფექტური საშუალებაა. ბინაზე მკურნალობა – ოჯახის ექიმები, ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეების მაქსიმალურად დიდ რაოდენობას ჰქონდეს საშუალება, წყნარად, მშვიდად, ბინაზე იმკურნალოს, რადგან ბინაზე მკურნალობა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და არ დაგვრჩეს გარეთ ის ხალხი, რომელსაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება. გარდა ამისა, კოვიდ-სასტუმროებში, რომელზეც გუშინ ვისაუბრეთ, სასწრაფოდ, დღესვე უნდა შევიტანოთ ელემენტარული თერაპიული ელემენტები და ეს უნდა იყოს არა მხოლოდ კოვიდ-სასტუმროები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ, არამედ კოვიდ-სასტუმრო თერაპიული მართვის ელემენტებით და სამედიცინო მეთვალყურეობით და მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზება. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე დაწევა არის ერთადერთი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ჩვენ ეს კრიზისი უნდა გადაგვალახინოს. ამიტომ ჰოსპიტალიზაციის პროტოკოლებიდან დაწყებული, მანუალური მართვით დამთავრებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს 26% დავიყვანოთ 15%-მდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ასევე ისაუბრა ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გაფართოებული ტესტირების მნიშვნელობაზე.

„ეს მოგვცემს შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ ბინაზე მკურნალობა, კოვიდ-სასტუმრო და ჰოსპიტალიზაცია სწორად გვაქვს დალაგებული, ანტიგენის სწრაფი ტესტირებით, აღვჭურვავთ ადამიანს ცოდნით, რომ ის ინფიცირებულია და უკვე შექმნილია ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ იმის მიხედვით, რა სიმძიმის არის, როგორ უმკურნალოს საკუთარ თავს. ეს არის ჩვენი კრიტიკული წერტილები, რომელიც უნდა გავიაროთ: პირველი – რა თქმა უნდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე ჩამოწევა, ერთმნიშვნელოვნად; მეორე – კოვიდ-სასტუმროებში თერაპიული მართვის ელემენტების შეტანა და ბინაზე მკურნალობა პირველადი ჯანდაცვის რგოლით; პირბადე, თვითიზოლაცია და ანტიგენის სწრაფი ტესტი – ეს არის ის ინსტრუმენტები, რომელიც უნდა დაგვეხმაროს, ეს კრიზისი, პიკი გადავიაროთ. კიდევ რა არის მთავარი – წერტილოვანი შეზღუდვებიდან, რომელზეც დღეს ვმსჯელობთ, გამოვყოთ რა არის მთავარი დღევანდელი მდგომარეობისთვის. სულ სხვა ვითარება იყო ერთი თვის წინ, დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა, რადგან სხვა აქტივობაა, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ვგულისხმობ, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტურობის თვალსაზრისით ცოტა გადასახედი გვექნება. რასაც ვუყურებ, ევროპაშიც ძალიან მძიმდება სიტუაცია და ყველგან არის ერთადერთი კრიტერიუმი – არ მოხდეს ჰოსპიტალური სისტემის გადატვირთვა. იქ იწყება შემდეგ უმართავი პროცესები. ჰოსპიტალურ სისტემაზე გადის ახლა გამარჯვების ან დამარცხების ხაზი, ამიტომ, ეკა, ძალიან გთხოვთ, ეს გაითვალისწინეთ“, – მიმართა პრემიერმინისტრმა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს.