გურჯაანის მერიამ გარემოვაჭრეებს კიდევ ერთი გაფრთხილება მისცა

334

დაახლოებით ერთი თვეა, რაც გურჯაანის ქუჩებში გარევაჭრობა ისევ განახლდა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა დღეს მოვაჭრეებს გაფრთხილება კიდევ ერთხელ მისცეს, რომ ბაზარში შესულიყვნენ, თუმცა, ისინი ამ წინადადებაზე უარს ამბობენ. ამის შესახებ სპექტრი წერს. 

„ყველა ქალაქში დაშვებულია გარევაჭრობა და აქ რატომ გვიკრძალავენ?!ბაზარში არ შევალთ. დღეს პოლიციაც მოვიდა, მგრამ არ გვეშინია. ამ დღეებში მუნიციპალიტეტის მერს შევხვდებით და დაველაპარაკებით, რომ რამეზე შევთანხმდეთ,“ – ამბობენ ისინი speqtri.ge-სთან საუბარში.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განყოფილების უფროსის, ხატია ზაკალაშვილის განმარტებით, გარევაჭრობა სამართალდარღვევაა, ამიტომ კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს:
„ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურად მიდიან და აფრთხილებენ მათ. ქალაქის ტერიტორიაზე არ არის დაშვებული გარევაჭრობა. ჯერჯერობით, არ ვაჯარიმებთ. უბრალოდ კანონიდან გამომდინარე, მერე მათი საქონლის კონფისკაცია მოგვიწევს, ამიტომ ვიკავებთ თავს, რადგან არ გვინდა მოსახლეობა ვაზარალოთ. დღეს მივეცით საბოლოო გაფრთხილება და ორშაბათიდან ალბათ უკვე დაჯარიმებას დავიწყებთ. მოძრაობის უსაფრთხოების და ჰიგიენური ნორმების დაცვის თვალსაზრისით ჩვენი ვალდებულებები გვაქვს. ამიტომ გვიწევს ასეთი ქმედების განხორციელება. “

შეგახსენებთ, რომ გურჯაანში გარევაჭრობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა, მარტის თვეში აიკრძალა.