ცესკო: საოლქო კომისიებს სხდომების ჩატარება და საჩივრების განხილვა ზეწოლის ფონზე უწევთ, რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს არაუფლებამოსილი პირების მიერ სხდომებზე შეჭრის მცდელობას

289

სხდომების ჩატარება და საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებს ზეწოლის ფონზე უწევთ. რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს არაუფლებამოსილი პირების მიერ სხდომებზე შეჭრის მცდელობას, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

როგორც კალანდარიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კომისიებისგან კანონის დარღვევას და სხდომებზე არაუფლებამოსილი პირების დაშვებას მოითხოვენ.

„საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი განცხადება-საჩივრების განხილვა გრძელდება. თუმცა, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სხდომების ჩატარება და საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიებს ზეწოლის ფონზე უწევთ. რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს არაუფლებამოსილი პირების მიერ სხდომებზე შეჭრის მცდელობას. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, მაჟორიტარობის კანდიდატებმა იციან სამართლებრივად ვინ არის საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრების მქონე უფლებამოსილი პირი, ისინი კომისიებისგან მოითხოვენ კანონის დარღვევას და არაუფლებამოსილი პირების დაშვებას სხდომებზე. ამასთნ, მათ ყველას ჰყავს საკუთარი წარმომადგენელი, რომელიც უფლებამოსილია დაესწროს სხდომას, მიუხედავად აღნიშნულისა, ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, მიზანმიმართულად ცდილობენ პროცესის ჩაშლას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას.

აქვე შეგახსენებთ, რომ რომ საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტის თითო წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს და ცესკოში რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციის ორ დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.