ბათუმის 79-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე: 91 საჩივარი განვიხილეთ, 5 ნოემბერს ერთი უბნის გადათვლა მოხდება

593

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დასრულდა. როგორც ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძე აცხადებს, საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს უკავშირდებოდა.

საოლქოს თავმჯდომარის განცხადებით, ის საარჩევნო უბნებზე წარმოქმნილ ხარვეზებს პანდემიას უკავშირებს.

ციალა შავაძე ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან, საოლქო კომისიის სხდომის დატოვებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებთ.

“ვიღაცას რაღაც ინტერესები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ კომისიამ გადაწყვეტილება მიუკერძოებლად უნდა მიიღოს და არა ვიღაცის ინტერესების გათვალისწინებით. ჩემს საუბნო საარჩევნო კომისიებს ვენდობი, ტექნიკური ხარვეზები, რაც ჰქონდათ დაშვებული, შესაძლოა, ბევრი პირობით იყოს განპირობებული. მაგალითად: პანდემიამ მუშაობაში ძალიან შეგვიშალა ხელი, რადგან ჩვენი დატრენინგებული კომისიის წევრთა 80 პროცენტი საუბნო კომისიებში აღარ იყვნენ, წინა დღეებში კომისიის წევრები შეიცვალნენ და ძალიან ბევრს კოვიდინფექცია დაუდასტურდა და ამანაც მოახდინა უბნების მუშაობაზე გავლენა, ასეთი ძალიან ბევრი იყო. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მათი ნებაა, ვინც დატოვა სხდომა, მათ გარკვეული პოლიტიკური ინტერესები აქვთ”, – განაცხადა ციალა შავაძემ.

მისივე თქმით, ერთი უბნის გადათვლა ხვალ მოხდება.

“სულ 91 საჩივარი განვიხილეთ, ხვალ ერთი უბნის გადათვლა მოხდება. საარჩევნო უბნებზე შეცდომების დაშვება განაპირობა იმან, რომ კომისიის წევრები წნეხის ქვეშ იყვნენ”,- აღნიშნა შავაძემ.

გადაწყვეტილება მიიღეს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, რომელიც 4 ნოემბერს გვიან ღამემდე საჩივრებს განიხილავდა ოპოზიციის საპროტესტო აქციის ფონზე.

სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, კომისიამ გადაწყვიტა ხმები ხელახლა დათვალოს მხოლოდ იმ უბანზე, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია იმარჯვებს.

ამომრჩეველთა ხმების შეჯამებისას ყველაზე დიდი დისბალანსი ბათუმის მე-19 უბანზე შედგენილ ოქმში აღმოჩნდა. ეს ოქმი სოციალურ ქსელშიც გავრცელდა და აქტიური განხილვის საგნად იქცა.

მე-19 უბნის ოქმი ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. ამ ორგანიზაციამ სხვადასხვა დარღვევის გამო, სულ 20 საჩივარი დაწერა. “სამართლიანმა არჩევნებმა” 12.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბათუმის 120 საარჩევნო უბნიდან 119-ის ოქმები გაასაჩივრა.

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ 4 ნოემბერს საჩივრების მხოლოდ ნაწილი განიხილა. ეს პროცესი დღეს, 5 ნოემბერს გაგრძელდება.