„ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, ოქმებთან დაკავშირებით საოლქო კომისიაში ასეულობით საჩივარია შესული.
როგორც ჩიხრაძე აღნიშნავს, სამგორის ოლქში მისი ხმები გაბათილებული იყო.
„ვერ მოხერხდა ყველა ოქმის გასაჩივრება, რადგან ძალიან დიდი გაურკვევლობაა თითოეულ მათგანში. წარმოუდგენელია სრული სურათი შეიქმნას მოკლე დროში, რა დროშიც გვევალებოდა ამის გაკეთება. სამგორის ოლქში 97 უბნის გახსნა და გადათვლა მოხერხდა. ჩვენი ხმები მაჟორიტარულში იყო განულებული, ხოლო პროპორციულში საგრძნობლად დაკლებული. გასაჩივრების შემდეგ დავინახეთ, რომ ჩემი, როგორც მაჟორიტარის ხმები გადაყრილი იყო ბათილ ბიულეტენებში. თითქმის ნაგავში, სადაც საერთოდ შეუვსებელი ან გაფუჭებული ბიულეტენებია ჩაყრილი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დამაკლეს 49 ხმა, ხოლო პარტიას 20. სამაგიეროდ 200 ხმა იყო დამატებული 41 ნომრის სასარგებლოდ. 78 უბანზე უნდა ყოფილიყო 772 და აღმოჩნდა 726. ჯამურად მთელ საქართველოში სადაც 3847 უბანია, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 3,5 %-ია. დაახლოებით იმდენი, რამდენიც დაგვიწერეს რამდენიმე პოლიტიკურ ძალას. თბილისში 5%-ზე მეტია გაბათილებული, რადგან აქ ყველაზე მეტად უჭირდათ მაჟორიტარებს მოგება. მადლობა მინდა გადავუხადო, საზოგადოებას, რადგან აქტიურად იყვნენ ჩაბმულები პროცესში,” – განაცხადა ჩიხრაძემ.
ჩიხრაძის თქმით, მიუხედავად დაძაბული ვითარებისა საოლქო კომისიები არ აპირებენ უბნის ხელახლა გადათვლას.
„როდესაც ასეთი მასშტაბური დარღვევებია, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 125-ე მუხლი აძლევს უფლებას, გადაითვალოს ყველა ოლქში უბნები, რომ რეალურად დავინახოთ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, რადგან ასეთი გაყალბებული არჩევნები გაყალბების ბევრჯერ მნახველ ქართველ ხალხს და პოლიტიკას არ ახსოვს. უნდა მოხდეს იმ ადამიანების იდენტიფიკაცია, ვინც ამ გაყალბებებში მონაწილეობდა და შესაბამის პასუხისმგებლობაში მიეცნენ ისინი. თუ ამ საკითხს ახლა არ მივხედავთ, ვერასდროს ვერ ვეღირსებით დემოკრატიულ არჩევნებს,” – განაცხადა ჩიხრაძემ, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.