დაცული ტერიტორიების სააგენტო: 8 ნოემბრიდან საქართველოს ხუთი დაცული ტერიტორია ვიზიტორთა მიღებას დროებით აჩერებს

570

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, 8 ნოემბრიდან, საქართველოს ხუთი დაცული ტერიტორია ვიზიტორთა მიღებას დროებით აჩერებს.

მათივე ინფორმაციით, დანარჩენ ტერიტორიებზე, გაშლილ სივრცეში, სადაც შესაძლებელია დისტანციის დაცვით გადაადგილება, ვიზიტორთა მიღება გრძელდება.

„ქვეყანაში „კოვიდ-19“ პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, 8 ნოემბრიდან, საქართველოს ხუთი დაცული ტერიტორია – მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი, პრომეთეს მღვიმე და სათაფლიას მღვიმე, დროებით აჩერებს ვიზიტორთა მიღებას. აღნიშნული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრებში, დახურულ სივრცეებსა და მცირე მანძილებზე თავს იყრის ვიზიტორთა რაოდენობა, რომელიც ზრდის პანდემიის გავრცელების რისკს.

დანარჩენ ტერიტორიებზე, გაშლილ სივრცეში, სადაც შესაძლებელია დისტანციის დაცვით გადაადგილება, ვიზიტორთა მიღება გრძელდება საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ფიზიკური კონტაქტის შესამცირებლად, გთხოვთ, მოგზაურობამდე გაიაროთ რეგისტრაცია დისტანციურად, ტელეფონის ან შესაბამისი დაცული ტერიტორიის ფეისბუქგვერდის საშუალებით. ასევე, შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, სიახლეების შესახებ, გეცნობებათ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდისა და ოფიციალური ფეისბუქგვერდების საშუალებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.