კახა კალაძე ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე ავარიული შენობების მეპატრონეებს მიმართავს

596

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობების განაშენიანებისთვის მერიამ კონცეფცია შეიმუშავა.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დამუშავებული კონცეფცია თბილისის საკრებულოში ჯერ არ გადაუგზავნიათ, თუმცა ამის მიუხედავად, გარკვეული ადამიანები ადგილობრივებთან შეხვედრებს მართავენ და მერიის მიერ შემუშავებული კონცეფციისგან განსხვავებულ ინფორმაციებს აწვდიან და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ. კახა კალაძე მოუწოდებს ამ პირებს, რომ ამგვარი ქმედებისგან თავი შეიკავონ, ხოლო ადგილობრივებს თხოვნით მიმართავს, არავის დაუდონ ხელშეკრულება.

„პრობლემა ეხება თბილისში არსებულ ავარიულ შენობა-ნაგებობებს, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი გვაქვს. ამ ავარიული შენობა-ნაგებობებიდან არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებთანაც გვაქვს კონკრეტული მიდგომა და არის ჩვეულებრივი შენობა-ნაგებობები, რომელთა ავარიულობა კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება.

რა თქმა უნდა, ეს პრობლემა ყველა რაიონში არსებობს, მაგრამ ამ წუთას ვისაუბრებთ სამგორის რაიონზე, კონკრეტულად ეს ეხება ვარკეთილის მესამე მასივს, სადაც რაოდენობრივად ყველაზე მეტი გვაქვს ასეთი შენობა-ნაგებობები, რომლებსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობა აქვს. არის მე-3, მე-4 კლასის ავარიული შენობები და რამდენიმე მე-5 კლასის ავარიული შენობა. საქმე ეხება მთლიანად ამ კვარტლის განაშენიანების კონცეფციას, რომელიც დედაქალაქის მერიამ შეიმუშავა, იმისათვის, რომ მოხდეს ამ შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება და განახლება. ჩვენ დავდეთ ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული არეალები, რა უნდა გაკეთდეს არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების ნაცვლად. უახლოეს პერიოდში ჩვენ დეველოპერულ და სამშენებლო სექტორებს შევთავაზებთ ავარიული შენობების ჩანაცვლების ეკონომიკურად გამართულ კონცეფციას. ეს კონცეფცია უკვე დამუშავებულია, თუმცა საკრებულოში ჯერ არ არის გადაგზავნილი. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგო ამის შესახებ და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს. ინფორმაცია რაც მოდის, რადიკალურად განსხვავებულად ელაპარაკებიან ამ ადამიანებს, რომელიც რეალობას არის მოწყვეტილი. აცნობენ იმ პირობებს, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია იმ კონცეფციისგან, რომელიც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი. ადგილი აქვს, ამ ვითომ სამშენებლო კომპანიების მხრიდან პროექტების წინასწარ დატაცების მცდელობას, რომლითაც ვიღებთ იმას, რომ მოსახლეობა შეჰყავთ შეცდომაში და არასწორ მოლოდინს აჩენენ კონკრეტული ეს კომპანიები თუ კონკრეტული პიროვნებები, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება ამ ადამიანებს და აწარმოებს გარკვეულ მოლაპარაკებებს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებს, ვინც ცრუ ინფორმაციისა და არასრული მონაცემების საფუძველზე მოლაპარაკებებს იწყებენ და მოსახლეობას გარკვეულ დაპირებას აძლევენ თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან. ჩვენ ეს პროცესი არ უნდა დავაზარალოთ და ადგილობრივი მოსახლეობა შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, თხოვნით მივმართო ადგილობრივ მოსახლეობას, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული კონცეფციასთან დაკავშირებით, ჩემი თხოვნა იქნება არავისთან შეხვიდეთ კომუნიკაციაში და და არავის არანაირი ხელშეკრულებები არ დაუდოთ“, – განაცხადა კალაძემ

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია მოიწვევს ყველა სამშენებლო კომპანიას, ყველა დეველოპერს და კონკრეტულ არეალებთან დაკავშირებით კონკურსს გამოაცხადებს.