ჟვანია: სს დანაშაულია, თუ ამომრჩეველი რამდენჯერმე აძლევს ხმას, ყველა საჩივარს აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას

388

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი ონიანმა საარჩევნო ოქმების შესწორების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესწორების ოქმების უმეტესობა ნაჩქარევად შედგა.

გარდა ამისა, გიორგი ონიანმა განმარტა, რომ ვიდეოს მეშვეობით არის დაფიქსირებული, რომ ერთი და იგივე ადამიანი ერთი და იმავე უბანზე რამდენჯერმე აძლევდა ხმას. მისივე თქმით, აღნიშნულ ინციდენტზე საოლქოს გადაწყვეტილება კომისიის წევრის მიმართ მხოლოდ დისციპლინური სანქციის გამოყენებაა.

„კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ დგება შესწორების ოქმები. როდესაც არის კითხვის ნიშანი და მეტობითი დისბალანსი, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა კითხვა იქნას გამორიცხული. როდესაც პირველადი ოქმი დგება – მაგიდაზე დევს ბიულეტენები, ითვლიან და შემდეგ აჯამებენ, უშვებენ შეცდომას, არ უშვებენ, ყოველ შემთხვევაში ასე ხდება.

ჩვენი ინფორმაციით, შესწორების ოქმების უმეტესობა შედგენილი იყო ნაჩქარევად, მეორე დღეს, ყოველგვარი გადათვლის გარეშე, კომისიის წევრების დაბარებით. ზუსტად ვიცით, რომ მაგალითად, ზუგდიდში ეს ხდებოდა, სხვა ადგილებშიც. ძალიან ბუნებრივია, რომ ამის შემდეგ სანდოობის პრობლემაზე ვსაუბრობთ. სწორედ იმიტომ, რომ აღდგეს სანდოობა და არავის კითხვის ნიშანი არ ჰქონდეს, იყო მოწოდება, რომ იქნებ, თქვენივე ინიციატივით ეს ყველა ოქმი, რომელზეც თავიდანვე იყო კითხვები და შესწორდა ასეთი რეჟიმით, დახურულ კარს მიღმა, სადაც დამკვირვებლებიც არ ესწრებოდნენ, იქნებ, ამ უბნების გადათვლა მოხდეს.

მეორე საკითხი – პირველად იყო, როდესაც ჩვენს დამკვირვებლებს ხელით შეეხნენ, მაგრამ ასევე პირველად იყო, როცა ჩვენმა დამკვირვებელმა შეძლო, ვიდეოთი დაეფიქსირებინა ერთი და იგივე ადამიანი ერთი და იგივე უბანზე როგორ აძლევდა ხმას რამდენჯერმე. ჩვენ ვიდეოზე გვაქვს სამჯერ, თუმცა მანამდე, სანამ ის ადამიანი დარწმუნდებოდა, ერთი შვიდჯერ მისცა ხმა. ჩვენ ეს ერთი დავიჭირეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვართ დარწმუნებული, რომ მხოლოდ ამ უბანზე ხდებოდა ეს ყველაფერი.

რა თქმა უნდა, ეს გავასაჩირვეთ, თუმცა საინტერესოა პირველი პასუხი, რაც ამ ინციდენტზე საოლქოდან მივიღეთ. საოლქოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო ყუთთან ვინც იჯდა კომისიის წევრი, მის მიმართ დისციპლინური სანქცია იქნას გამოყენებული. ჩვენ ვითხოვდით გაუქმებას, მივიღეთ მხოლოდ ეს პასუხი“, – განაცხადა გიორგი ონიანმა.

ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, ცალსახად სისხლის სამართლის დანაშაულია, თუ ამომრჩეველი რამდენჯერმე აძლევს ხმას.

ჟვანიას განმარტებით, აღნიშნულ საკითხს მიექცევა ყურადღება, ისევე როგორც ყველა საჩივარს, რომელიც შედეგებს ეხება.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით 61 ისეთი საჩივარი გაქვთ შეტანილი, რომელიც ამ შემთხვევაში შეეხება შედეგებს. ეს თქვენს ოფიციალურ განცხადებაში იყო. საჩივრების უმეტესობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, შეეხება დისციპლინარული სანქციების მოთხოვნებს, თუმცა, მახსოვს, თქვენ ოფიციალურად განაცხადეთ, რომ 61 საჩივარია ისეთი, რომელიც შედეგებს შეეხება.

რასაც ბრძანებთ, რომ სამჯერ დააფიქსირეთ ამომრჩეველი, ეს არის ზუსტად მარნეულის უბანი, რამდენადაც მახსოვს, მაგაზე გუშინაც ვსაუბრობდი პირდაპირ ეთერში, რომ არის ასეთი საჩივარი და აუცილებლად მიექცევა ყურადღება.

ცალსახად სისხლის სამართლის დანაშაულია, თუ ამომრჩეველი რამდენჯერმე აძლევს ხმას. ამ საკითხთან დაკავშირებით ოლქის გადაწყვეტილება მე თქვენგან გავიგე, რომ მხოლოდ დისპილინური სანქცია, ამ საკითხს აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას, ასევე ყველა იმ საჩივარს, რომელიც შედეგებს შეეხება“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

გარდა ამისა, თამარ ჟვანიამ განმარტა, რომ ოქმებში შესწორებების შეტანა კანონმდებლობით გათვალისწინებული გზით ხორციელდება.

„რაც შეეხება რა გზით მოხდა შესწორებების შეტანა, ეს არის კანონმდებლობაში ცალსახად გაწერილი. უმრავლესი მათგანი მოხდა საუბნო კომისიების მიერვე უბნებში და ჩვენ მოგვივიდა. ასევ, საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს საუბნო კომისიების მიერ მეორე დღეს, ოღონდ  არაუგვიანეს მეორე დღეს, მაკორექტირებელი, ანუ შესწორების ოქმის შედგენას“, – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.