პოლონეთის საგარეო უწყება: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეისწავლოს ყველა სიგნალი და საფუძვლიანად გამოიკვლიოს წარმოდგენილი საჩივრები

480

პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დაფიქსირებული აქტივობა, განსაკუთრებით ეპიდემიის შედეგად წარმოქმნილი აშკარა სირთულეების ფონზე, წარმატებაა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

ამასთან, განცხადების თანახმად, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს დარღვევების შესახებ ცნობებზე, რომელთა მასშტაბები, მათივე თქმით, სავარაუდოდ, უნდა აღემატებოდეს 2016 წლის არჩევნების დარღვევებს.

„პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფასებს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას საქართველოში, 31 ოქტომბერს, განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ეფექტურად ორგანიზების მიზნით. დაფიქსირებული აქტივობა, განსაკუთრებით ეპიდემიის შედეგად წარმოქმნილი აშკარა სირთულეების ფონზე, წარმატებაა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო ორგანიზაციების (OSCE / ODIHR, ევროკავშირი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭო და ნატო) შეფასებებს არჩევნების ჩატარების შესახებ. ჩვენ ვაღიარებთ, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და აკმაყოფილებდა ძირითად საერთაშორისო სტანდარტებს.

ამავე დროს, ყურადღებას ვამახვილებთ დარღვევების შესახებ ამაღელვებელ ცნობებზე, რომელთა მასშტაბები სავარაუდოდ უნდა აღემატებოდეს 2016 წლის არჩევნების დარღვევებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეისწავლოს ყველა სიგნალი და საფუძვლიანად გამოიკვლიოს წარმოდგენილი საჩივრები, მოქმედი პროცედურების შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურის წინ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის ასამაღლებლად, რომელიც იგეგმება 21 ნოემბერს.

პოლონეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში”,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.