ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხარაგაულის მერად პირველივე ტურში კობა ლურსმანაშვილი აირჩიეს. ის მერის რიგგარეშე არჩევნებში “ქართული ოცნების” მიერ იყო წარდგენილი და ხმების 55.75% მიიღო.
მეორე ადგილზე “ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატი თორნიკე ავალიშვილი გავიდა – მან ხმათა 28.49% დააგროვა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ცესკოს მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა: მიხეილ ჭიპაშვილი “ლელოდან” – 6.09%, ბესიკ ყრუაშვილი “ევროპული საქართველოდან” – 4.95% და თეიმურაზ ფცქიალაძე “პატრიოტთა ალიანსიდან” – 4.72%.
აღსანიშნავია, რომ არჩევნებში გამარჯვებული კობა ლურსმანაშვილი 2014-2017 წლებში ერთხელ უკვე იყო ამავე მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა და საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა, სადაც თვითმმართველობის კომიტეტში საქმიანობდა.
ხარაგაულის ყოფილი მერი ნიკოლოზ თოფურიძე მიმდინარე წლის ივლისში გადადგა. მას წასვლის მიზეზი არ განუმარტავს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მისი წასვლა სწორედ ლურსმანაშვილთან კონფლიქტს უკავშირდებოდა. ამჯერად მისი ადგილი სწორედ ლურსმანაშვილმა დაიკავა.
ახალარჩეულ მერს ამ პოსტზე ყოფნა ერთი წლის განმავლობაში, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მოუწევს.