ონის მერად პირველივე ტურში დავით ჩიკვაიძე აირჩიეს

687

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ონის მერად პირველივე ტურში დავით ჩიკვაიძე აირჩიეს. ის მერის რიგგარეშე არჩევნებში “ქართული ოცნების” მიერ იყო წარდგენილი და ხმების 56.66% მიიღო.

მეორე ადგილზე “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი თამაზ მეტრეველი გავიდა – მან ხმათა 20.23% დააგროვა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ცესკოს მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა: ნოდარ ბურდილაძე “ენმ-გაერთიანებული ოპოზიციიდან” – 16.66%, ხოლო ჯონი გობეჯიშვილი “ევროპული საქართველოდან” – 6.45%.

ონის მერად არჩეული დავით ჩიკვაიძე რიგგარეშე არჩევნებამდე მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ის ამ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ემზარ საბანაძე თანამდებობიდან გადადგა.

ახალარჩეულ მერს ამ პოსტზე ყოფნა ერთი წლის განმავლობაში, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, მოუწევს.