ლომჯარია ცესკოზე: 4 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოემზადონ, რომ პროცესი გაუმართავი არ იყოს

316
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ცესკომ საპარლამენტო არჩევნების გამართულად ჩატარება ვერ უზრუნველყო.

“შეგვიძლია ბევრი ვუსაყვედუროთ მმართველ პარტიას, მაგრამ ცესკო არის ის ორგანო, რომელსაც ნამდვილად საკმაოდ სოლიდურ თანხას ვუხდით ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების იმისთვის, რომ მათ უზრუნველყონ ტექნიკურად არჩევნების გამართულად ჩატარება და ობიექტურად შედეგების შეჯამება. ამისთვის ისინი 4 წელიწადში ერთხელ მაინც ისე უნდა მოემზადონ, რომ ასეთი ტექნიკური, შეგნებული თუ სხვა მიზეზით, ასეთი გაუმართავი პროცესი არ უნდა იყოს”, – განაცხადა ლომჯარიამ გადაცემაში „საქართველო ირჩევს“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ცესკომ არასათანადო კამპანია აწარმოა კორონავირუსთან დაკავშირებითაც და ამის გამო თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გაურკვეველი იყო, ვის უნდა დაკავშირებოდნენ არჩევნებზე დასარეგისტრირებლად.

“მე მათ ასევე ვუსაყვედურებდი იგივე კოვიდთან დაკავშირებით არასათანადო კამპანიის წარმოებასთან მიმართებით. ჩვენ გვახსოვს ბოლო საათები, როდესაც იზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა არ იცოდნენ სად დაერეკათ, სად უნდა დარეგისტრირებულიყვნენ და ყველა ვიყავით ჩართული, რომ რაღაცნაირად ამ ადამიანებამდე მიგვეწვდინა ხმა”, – განაცხადა ომბუდსმენმა.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები პარლამენტთან აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ კვირას 8 ნოემბერს 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დააანონსეს.

ამასთან, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ სამართლიანი არჩევნები გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, საარჩევნო უბნების 8%-ზე გამოვლინდა დარღვევა –  დისბალანსი ბიულეტენებში.​ ISFED-ში ამბობენ, რომ PVT ანალიზი გათვალისწინებით, არჩევნების შედეგებზე ამ დარღვევების შესაძლო მაქსიმალური გავლენა 4.1%-ზე ნაკლები იქნებოდა. ორგანიზაციის განცხადებით, საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე, საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების მეტობა გამოვლინდა.