ოპოზიციის მიერ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაშიც, მათი კანდიდატები არჩევნებიდან არ მოიხსნებიან და ამომრჩეველს მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება შეეძლება.
საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას თუ საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, მაგრამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 დღისა, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, თუმცა აღნიშნული წესი არჩევნების მეორე ტურზე არ ვრცელდება.
16 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ტარდება, სადაც რეგიონებში “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილი კანდიდატები გადავიდნენ, ხოლო დედაქალაქში სახელისუფლებო პარტიას ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატები უნდა დაუპირისპირდნენ.
31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და პარლამენტში შესვლასა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმას არ გამორიცხავს.