ნიკა მელიამ საპროტესტო აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა. ენმ-ის გლდანის მაჟორიტარობის დეპუტატი ამბობს, რომ არ აპირებს მის ტარებას, ვინაიდან ეს უსამართლობის სიმბოლოა.
“აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხული ამბავია, რადგან ეს არის უსამართლობის სიმბოლო. ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბავ. ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე ციხეში თუ ვიქნები თქვენს გვერდით იმ ბრძოლაში უახლოეს ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს. ნახვამდის სამაჯურო. ვინც დაიჭერს, ჩემი ბედი არ გეწიოთ“, – თქვა მელიამ.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუმაგრეს. მელიას დაპატიმრებას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ითხოვდა. ბრალდების მხარე მას ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება.
20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარსების შემდეგ საქალაქო სასამართლომ მას 7 წლის წინ აღძრულ “ქართული ბანკის გაკოტრების საქმეზე” გამოუტანა განაჩენი. ამ საქმეს პროკურატურა წლების განმავლობაში იძიებდა. სასამართლომ მას 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა. ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ქართულმა ოცნებამ მას დეპუტატის მანდატი შეუწყვიტა.