ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები და არჩევნების დღის შეჯამება – “სამართლიანი არჩევნები”

827

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში განახორციელა. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 1000-მდე საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა 20 ოპერატორისა და 11 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები. მიმდინარე არჩევნები ჩატარდა გლობალური პანდემიის კოვიდ-19 ის პირობებში. სადამკვირვებლო მისიის განხორციელებისას, „სამართლიანი არჩევნების“ თანამშრომლები და დამკვირვებლები იცავდნენ COVID-19-ის პრევენციის მიზნით დადგენილ რეგულაციებს.

„სამართლიანი არჩევნების“ არჩევნების დღის დაკვირვება ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიას. PVT მეთოდოლოგია ითვალისწინებს დამკვირვებლების შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე განთავსებას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია. PVT გვაძლევს საშუალებას დროულად და სწრაფად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მცირე ცდომილების ხარისხის ფარგლებში.

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ხმის დათვლის პროცესის შეფასებას და არჩევნების დღის საბოლოო შედეგებს.

ძირითადი დასკვნები

„სამართლიანი არჩევნების“ PVT მეთოდოლოგიით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა. ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები. აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, და ამდენად საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან.

მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა. ჩვენი აზრით, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, გადათვლაზე მიწვეულ უნდა იქნას ყველა დაინტერესებული  მხარე – საარჩევნო სუბიექტების, პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დისბალანსის ტენდენციასთან ერთად, ასევე გარკვეულ უბნებზე შეინიშნებოდა კომისიის წევრთა მცდელობები არ მიეცათ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის შემაჯამებელი ოქმების სათანადოდ დამოწმებული ასლები, რის მიზეზადაც ძირითადად შესაბამისი ტექნიკის გაუმართაობა ან უქონლობა სახელდებოდა. მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენდა დამკვირვებლებზე ზეწოლის და ხელშეშლის ფაქტები. ხმის დათვლის და შეჯამების პროცესში, ცალკეულ უბნებზე ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ დარღვევებს.

ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 94 საჩივარი, საოლქო კომისიებში – 106 საჩივარი, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 37 შენიშვნა.

დეტალური ინფორმაცია PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ  56.7% შეადგინა (+/- 0.6 %-იანი სანდოობის ინტერვალით), რაც მსგავსია/ნაკლებია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელთან შედარებით (52.9%).

თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ 55.4%-ია, რაც გაზრდილია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემთან შედარებით (49.9%). რეგიონებში (თბილისის გარდა) ამომრჩეველთა აქტივობამ 57.2% შეადგინა, მაშინ როდესაც 2016 წელს ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი რეგიონებში 52.3% იყო.

ხმის დათვლის პროცესში საარჩევნო უბნების 99.8%-ზე არ დაფიქსირებულა არაუფლებამოსილი პირების ყოფნის შემთხვევები, რაც სტატისტიკურად არ განსხვავდება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემისგან (99.9%).

  • საარჩევნო უბნების 4%-ზე არცერთი პარტიის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ. საარჩევნო უბნების 90.4%-ზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ხოლო საარჩევნო უბნების 87.15%-ზე- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები იყვნენ საარჩევნო უბნების 54.4%-ზე, „ლელოს“ წარმომადგენლები – 62.1%-ზე, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები – 69.0%-ზე, ხოლო საარჩევნო უბნების 11.6%-ზე იმყოფებოდნენ „ქართული მარშის“ წარმომადგენლები.
  • საარჩევნო უბნების 0%-ზე ერთი ან მეტი საჩივარი დაიწერა.
  • ხმის დათვლის პროცესში, საარჩევნო უბნების 4%-ზე ფუნქციები კომისიის წევრებს შორის წილისყრის პროცედურების წესის დაცვით გადანაწილდა.
  • საარჩევნო უბნების 3%-ზე ბიულეტენების დათვლის და გამოცხადების პროცედურა გამჭვირვალედ წარიმართა.
  • 17 საათიდან უბნების დახურვამდე, COVID-19-ის რეგულაციები დაცული იყო საარჩევნო უბნების 3%-ზე.

არჩევნების დღის შედეგები

არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში. „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიიღო ინფორმაცია მისი დამკვირვებლების 96.1%-ისგან.

წარმოგიდგენთ პარტიებს/ბლოკებს, რომლებმაც გადალახეს 1%-იანი ბარიერი. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მითითებულია  თითოეული სუბიექტის მაქსიმალური და მინიმალური შედეგი  (95%-იანი სანდოობის ინტერვალით).

კანდიდატი გამოთვლილი პროცენტი ცდომილების ხარისხი მინიმალური შედეგი მაქსიმალური შედეგი
#41 ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო 45.8% 0.7% 45.1% 46.5%
#5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 26.4% 0.6% 25.8% 27.0%
#2 ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია- ევროპული საქართველო 3.7% 0.2% 3.5% 3.9%
#8 დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი 3.1% 0.1% 3.0% 3.2%
#56 ლელო-მამუკა ხაზარაძე 3.1% 0.2% 2.9% 3.3%
#25 ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი 3.0% 0.1% 2.9% 3.1%
#36 გირჩი 2.8% 0.2% 2.6% 3.0%
#24 ალეკო ელისაშვილი -მოქალაქეები 1.3% 0.1% 1.2% 1.4%
#10 შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია 1.0% 0.1% 0.9% 1.1%
#3 ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო 0.9% 0.1% 0.8% 1.0%

 

აღსანიშნავია, რომ #10 შალვა ნათელაშვილი-ლეიბორისტული პარტიის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს 0.9%-სა და 1.1%-ს შორის, ხოლო #3 ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველოს მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი – 0.8%-სა და 1.0%-ს შორის ინტერვალშია. ამდენად, „სამართლიან არჩევნებს“ არ შეუძლია დანამდვილებით განაცხადოს გადალახეს თუ არა აღნიშნულმა პარტიებმა 1%-იანი საარჩევნო ბარიერი.

ბათილად ცნობილი ბიულეტენების პროცენტულმა მაჩვენებელმა ქვეყნის მასშტაბით შეადგინა 3.5% (0.1%-ანი ცდომილების ზღვარით). ეს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ აღემატება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჩვენებელს (3.2%).

დარღვევები

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები:

ზეწოლა დამკვირვებელზე და დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა

  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #69 საარჩევნო უბანზე კომისიამ წილისყრის ჩაუტარებლად გამოავლინა მთვლელები, რაზეც „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელმა გამოთქვა შენიშვნა და კომისიას მოუწოდა პროცედურების დაცვისკენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ბარაბაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დამკვირვებელს და სცადა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც. კომისიის წევრებმა აგრესიული ქცევით, შეუძლებელი გახადეს დამკვირვებლის საქმიანობა უბანზე. ისინი დამკვირვებელს უყვიროდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამ პროცესში მონაწილეობდა კომისიის ყველა წევრი.
  • #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლალი ოხანაშვილი მთელი დღის განმავლობაში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი. იგი დამკვირვებელს არ აძლევდა გადაღების უფლებას.
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #71 საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული კომისიის წევრი ზაზა ალხანიშვილი არ იყო წილისყრის შედეგად გამოვლენილი მთვლელი, თუმცა ხელით ამოწმებდა ბიულეტენების რაოდენობას. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ მან დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
  • #22 მარნეულის ოლქის #69 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს უკანონოდ ეთქვა უარი აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით, მის მიერ წარდგენილი საჩივრის რეგისტრაციაზე თავმჯდომარისა და მდივნის მიერ.
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #124 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს არ მიაწოდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩეველთა მონაწილეების რაოდენობა.

შემაჯამებელ ოქმებში არსებული დისბალანსი

  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #14 უბნის შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირებულია პროპორციულ სიაში ზედმეტი ხმების რაოდენობა.
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #47 უბანზე გამოვლინდა ერთით ზედმეტი ხმა ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერების რაოდენობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება დააწერინეს ერთ-ერთ რეგისტრატორს. მოხდა შედეგების თავიდან გადათვლა, თუმცა კვლავ ერთით მეტი ხმა დაფიქსირდა.
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #33 საარჩევნო უბნის პროპორციული სისტემის შემაჯამებლ ოქმში ბიულეტენების რაოდენობა 54-ით აღემატება ამომრჩევლების ხელმოწერებს.
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #56 საარჩევნო უბნის პროპორციული არჩევნების შემაჯამებელ ოქმში ბიულეტენების რაოდენობა 19-ით აღემატებოდა ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობას.
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმებში (პროპორციული და მაჟორიტარული) 20-20 ბიულეტენით აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების რაოდენობას.
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #84 საარჩევნო უბანზე პროპორციული სისტემით შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი 29-ით ნაკლებია ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერების საერთო რაოდენობაზე.
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #90 და #92 საარჩევნო უბნის პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში გაცემული ბიულეტენების რაოდენობა 1-ით მეტი იყო ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.
  • #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმებში სუბიექტების მიერ მიღებული ხმების და ბათილი ბიულეტენების ჯამი განსხვავდება ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა რაოდენობისგან, კერძოდ, 19-ით ნაკლებია მაჟორიტარული ოქმის და 54-ით ნაკლებია პროპორციული ოქმის მონაცემები.
  • #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბნის პროპორციული სისტემის შემაჯამებელ ოქმში სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი 3-ით აღემატებოდა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას.
  • #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბნის პროპორციული სისტემის შემაჯამებელ ოქმში სუბიექტების მიერ მიღებული ხმები 210-ით ნაკლებია ამომრჩეველთა ხელმოწერებზე.
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #89 საარჩევნო უბნის პროპორციული სისტემის შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები 83-ით ნაკლებია ამომრჩეველთა ხელმოწერებზე.
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #48 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ პროპორციულ ოქმში გაცემული ბიულეტენის რაოდენობა 1-ით მეტი იყო ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.

შემაჯამებელი ოქმის არგაცემა

  • #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #94 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა, მიუხედავად მოთხოვნისა, შემაჯამებელი ოქმი გაცემისას არ დაამოწმეს შესაბამისი რეკვიზიტებით.
  • #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბნის დამკვირვებელს მარიამ შეყელაძეს თავმჯდომარემ შემაჯამებელი ოქმის ასლი არ გადასცა.
  • #15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის #32 საარჩევნო უბანსა და #65 მარტვილის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე ასლის გადამღები აპარატის გაუმართაობის მიზეზით, დამკვირვებლებს შემაჯამებელი ოქმის დამოწმებული ასლები არ გადაეცა.
  • #41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანსა და #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #124 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს არ მისცეს შემაჯამებელი ოქმის ასლი პრინტერის გაუმართაობის გამო.
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანზე დაიკარგა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
  • #24 დმანისის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანსა და #40 ახალქალაქის, ორ საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს არ მისცეს შემაჯამებელი ოქმების ასლები პრინტერის არ არსებობის გამო.
  • #35 ხაშურის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს შემაჯამებელი ოქმის გაცემაზე უარი პრინტერის გაფუჭების მიზეზით უთხრეს. ოქმის ასლი მხოლოდ მას შემდეგ მისცეს, რაც დამკვირვებელმა საჩივრის წერა დაიწყო.
  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #106 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს არ მისცეს შემაჯამებელი ოქმის ასლი, პრინტერის გაფუჭების მიზეზით.

შემაჯამებელი ოქმის გადასწორება

  • #28 დუშეთის საარჩევნო ოლქის #20 უბანზე გადასწორებულია შეტანილი მონაცემები, რომელსაც არ ახლავს შესწორების ოქმი.
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბნის კომისიის შემაჯამებელი ოქმი გადასწორებულია და არ ერთვის შესწორების ოქმი. ამასთან, კომისიის ბეჭდები არ იყო დალუქული.
  • #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის #32 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმში ორი ციფრი არის გადასწორებული.

შემაჯამებელი ოქმის არასრული რეკვიზიტები

  • #19 თიანეთის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმის შესაბამის გრაფაში არ არის მითითებული კომისიის ბეჭდის ნომერი, თარიღი და დრო.
  • #19 თიანეთის საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში შესაბამის გრაფაში არ არის მითითებული რეგისტრატორების ბეჭდების ნომრები.
  • #53 ვანის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმები არ არის დამოწმებული საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #88 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული სისტემით შედგენილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში არ არის მითითებული არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა ყველა სახის სიაში 12:00 და 17:00 საათისთვის.
  • #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #8 უბნის შემაჯამებელ ოქმს არ ჰქონდა კომისიის ბეჭედი.

შემაჯამებელი ოქმის არასწორად შევსება

  • #23 ბოლნისის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმში არ იყო მითითებული პარტია „ქართული ოცნების“ პროპორციული წესით მიღებული ხმების რაოდენობა.
  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #84 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმებში არ არის მითითებული არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა.

ბიულეტენის უსაფუძვლოდ გაბათილება

  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ და მთვლელებმა ბათილად მიიჩნიეს 2 ბიულეტენი, რომლებშიც გადახაზული იყო თითქმის ყველა კანდიდატი და შემოხაზული იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი. მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლის ნება გამოვლენილი იყო, კომისიამ 2 ასეთი ბიულეტენი გააბათილა.

ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #69 საარჩევნო უბანზე კომისიამ დაარღვია ხმის დათვლის და შეჯამების პროცედურის რიგითობა, კერძოდ კომისიამ გახსნა და ერთმანეთში აურია ძირითადი და გადასატანი ყუთის კონვერტები, ისე, რომ მანამდე არ შეუმოწმებია და არ დაუთვლია გადასატანი საარჩევნო ყუთის სია. ყუთების გახსნისა და ბიულეტენების შერევის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ უბანზე არ იყო გადასატანი ყუთის სია, შესაბამისად, არც იმ ამომრჩეველთა ხელმოწერები, რომელთაც გადასატანი ყუთით მისცეს ხმა. აღნიშნული სია მოგვიანებით, ძებნის შემდეგ იპოვეს.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ დამოწმება

  • #27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების დათვლისას გამოვლინდა საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელზეც არ იყო რეგისტრატორის ხელმოწერა. თავმჯდომარემ დამკვირვებელს არ მისცა უფლება, რომ დაეზუსტებინა ამ მიზეზით ბათილი ბიულეტენების რაოდენობა და ასევე დაეზუსტებინა რეგისტრატორის სახელი და გვარი, რომელსაც ევალებოდა ამ ბიულეტენებზე ხელმოწერა.
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #69 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესში აღმოჩნდა, რომ რეგისტრატორების მიერ ბიულეტენების ნაწილზე არ განხორციელდა ხელმოწერა, რაც აღმოჩენილ იქნა მხოლოდ ხმების დათვლისას.
  • #17 თელავის საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე თავმჯდომარის მიერ დამკვირვებლისთვის გაცემულ იქნა შემაჯამებელი ოქმის ასლი მხოლოდ თავმჯდომარის ხელმოწერით. მან ბეჭდით დამოწმებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ საოლქო საარჩევნო კომისიასთან უნდა გადაემოწმებინა შემაჯამებელი ოქმის სისწორე.

ხმის დათვლის პროცედურული დარღვევა

  • #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #52 საარჩევნო უბანზე დათვლილი ბიულეტენები თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიხედვით ცალ-ცალკე კონვერტებში არ დალუქულა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირის დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის და ევროკავშირის  შეხედულებებს.