„სამართლიანი არჩევნების“ PVT მეთოდოლოგით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა, ძირითადად, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ჩაიარა. თუმცა, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს პრობლემური იყო ხმის მიცემის ფარულობის, მარკირების და წილისყრის წესის, კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების და სხვა პროცედურული ხასიათის დარღვევები. განსაკუთრებულად პრობლემური იყო რიგ უბნებზე და მათ მიმდებარედ ფიზიკური დაპირისპირების და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები.
საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მასიური სახე ჰქონდა საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერებისა და კოორდინატორების მობილიზებას, რომლებიც უბნებზე მოსულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ, რაც ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის მანკიერი ტრადიციის გაგრძელებაა. არჩევნების დღეს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები და ამომრჩევლის აღრიცხვის პრაქტიკა კიდევ ერთხელ წამოაჩენს წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლა-მუქარის გარემოს პრობლემურობას და მის ნეგატიურ გავლენას საარჩევნო პროცესზე.
ტენდენციის სახით გამოვლინდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის, ფიზიკური შეურაცხოფის და მუქარის შემთხვევები. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს არ დაუშვან მსგავსი ქმედებები.
ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 85 საჩივარი, საოლქო კომისიებში – 89 საჩივარი, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 36 შენიშვნა.
დეტალური ინფორმაცია PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით
- საარჩევნო უბნების 6%-ზე ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს სათანადო დოკუმენტაციით. აღნიშნული მაჩვენებელი მცირედ გაუმჯობესებულია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემთან შედარებით (98.0%).
- საარჩევნო უბნების 6%-ზე მარკირება მოწმდებოდა კანონით დადგენილი წესისამებრ, რაც სტატისტიკურად არ განსხვავდება 2016 წლის არჩევნებთან მონაცემისგან (97%).
- საარჩევნო უბნების 5 %-ზე ბიულეტენები სათანადოდ მოწმდებოდა ხელმოწერითა და ბეჭდით. ეს მონაცემი უმნიშვნელოდ გაუმჯობესებულია 2016 წლის საპარლამენტო (98.0%) მონაცემთან.
- საარჩევნო უბნების 6 %-ზე ამომრჩეველებს ყოველთვის უკეთდებოდათ მარკირება, რაც 2016 წლის არჩევნების მონაცემის თითქმის იდენტურია (98.7%-ზე).
- საარჩევნო უბნების 6%-ზე ხმის მიცემის ფარულობა ყოველთვის დაცული იყო. ეს მაჩვენებელი სტატისტიკურად არ განსხვავდება 2016 წლის არჩევნების მონაცემისგან (95%).
- საარჩევნო უბნების 2%-ზე დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობა/მუქარის ფაქტები, რაც მცირედ გაუარესებულია 2016 წლის არჩევნებთან შედარებით (1%).
- საარჩევნო უბნების 7%-ზე ამომრჩეველს არ შეეზღუდა ხმის მიცემის უფლება კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების გამო.
- საარჩევნო უბნების 8%-ზე უბნის დახურვის მომენტისთვის (20 საათისთვის) ამომრჩეველთა რიგები არ იყო.
დარღვევები
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:
დამკვირვებლების უფლებების შეღუდვა, მუქარა, შევიწროვება და ფიზიკური შეურაცხყოფა
- #17 თელავის საარჩევნო ოლქში #13 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე ზეწოლა მიმდინარეობს, კომისიის თავმჯდომარემ შეუზღუდა გადაღების უფლება და ძალის გამოყენებით ცდილობდა ტელეფონის წართმევას. დამკვირვებელს მთელი დღის განმავლობაში მტრულ გარემოს უქმნიდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, ძირითადად იმის გამო, რომ დამკვირვებელმა უბანზე საჩივარი დაწერა. ხოლო, როდესაც დამკვირვებელი ვიდეოს იღებდა უბნის გარეთ ამომრჩეველთა აღსარიცხავად, იგი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა შეავიწროვა.
- #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს უცნობი პირები გარეთ გაყვანით და ცემით ემუქრებიან.
- #5 ისნის საარჩევნო ოლქის #73 საარჩევნო უბანზე „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა თენგიზ კაზარიანმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა, რომ „სიებს გადაახევდა თავზე“. კომისიის თავმჯდომარემ არ უზრუნველყო დამკვირვებლის უფლების დაცვა და წესრიგის აღდგენა.
- #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე, მას შემდეგ რაც დამკვირვებელმა დღის საათებში საჩივარი დაწერა, საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ავიწროვებენ და მისი მისამართით შეურაცხმყოფელ კომენტარებს აკეთებენ.
- #61 ლანჩხუთის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ქეთევან ჩხაიძემ აგრესიული იყო „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიმართ, ყვიროდა და შეურაცხყოფას აყენებდა მას, რის გამოც, დამკვირვებელი იძულებული გახდა დაეტოვებინა საარჩევნო უბანი.
- #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანზე თავმჯდომარემ და მდივანმა უარი უთხრეს „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განცხადების რეგისტრაციაზე, რადგან არ ეთანხმებოდნენ დარღვევის არსს.
- #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #21 უბანზე კომისიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი უბნიდან გააძევა, იმ მიზეზით, რომ მან განმეორებით უბანზე მოსული ამომრჩეველი შენიშნა და ამის გამო პროტესტი გამოთქვა.
- #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #20 უბანზე სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელზე ხორციელდება მუქარა.
ფიზიკური დაპირისპირება
- #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანზე „ნიუპოსტისა“ და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება საარჩევნო უბნის შიგნით დაიწყო, რის შემდეგაც ისინი პოლიციამ გარეთ გაიყვანა.
- #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს შორის დაპირისპირება მოხდა ხოლო შეხლა-შემოხლის შემდეგ კომისიამ ადგილზე პოლიცია გამოიძახა.
ამომრჩევლების ნების კონტროლი
- #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #21 და #87 საარჩევნო უბნებთან შეინიშნება „ქართული ოცნების“ კოორდინატორების და ე.წ „ძველი ბიჭების“ მობილიზება.
ფოტო გადაღება
- #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #84 საარჩევნო უბანზე, არჩევნების მიმდინარეობისას უბანზე მყოფი დამკვირვებელი „ნიუპოსტიდან“ ახორციელებდა ამომრჩეველთა ფოტოგადაღებას.
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
- #41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი შემოხაზა რეგისტრატორთან.
- #14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანზე მოსულ ამომრჩეველს კენჭისყრის კაბინაში მიყვება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რა დროსაც არღვევს ამომრჩევლის კენჭისყრის ფარულობას. მსგავსი შემთხვევა განმეორდა არაერთხელ.
ბიულეტენების არასწორად გაცემა
- #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #58 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის რეგისტრატორებმა ორ ამომრჩეველზე გასცეს 2 ზედმეტი ბიულეტენი.
- #11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #32 საარჩევნო უბანზე სპეცსიაში მყოფ კომისიის წევრს, რომელიც სხვა ოლქის ამომრჩეველია, რეგისტრატორმა 2 ბიულეტენი (მაჟორიტარული და პროპორციული) გადასცა.
- #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #12 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების რაოდენობის შემოწმების შემდეგ დაფიქსირდა სხვაობა ამომრჩეველთა ხელმოწერებსა და გაცემული ბიულეტენების რაოდენობებს შორის, კერძოდ, დარჩა 1-ით ზედმეტი მაჟორიტარული ბიულეტენი, რომელიც არ გადაეცა ამომრჩეველს.
აგიტაცია უბანზე
- #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #38 საარჩევნო უბანზე ორგანიზაცია „ამოირჩიეს“ წარმომადგენელი ეწეოდა აგიტაციას, კერძოდ ამომრჩევლებს ურჩევდა რომელი ნომერი შემოეხაზათ.
კაბინაში კონვერტის შეტანა
- #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კენჭისყრის კაბინაში შეიტანა კონვერტი და კონვერტში ჩადებული ბიულეტენებით გამოვიდა კაბინიდან.
დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება
- #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე სადემონსტრაციო ოქმი არ არის გამოკრული საჯაროდ და შესაბამისად ოქმის მონაცემები არ არის შევსებული.
ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები
- #32 გორის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველმა რომელიც შეყვანილი იყოს სპეციალურ სიაში ხმა მისცა ძირითად უბანზე. რეგისტრატორმა ამომრჩეველს მარკირება გაუკეთა და რეგისტრაციაში გაატარა, ისე, რომ ამომრჩეველს არ წარმოუდგენია თვითიზოლაციის დასრულების რაიმე საბუთი.
- #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #43 საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის გრაფის გასწვრივ უკვე იყო ხელი მოწერილი. კომისიის ახსნა-განმარტების შემდეგ ამომრჩეველს ხმა მიაცემინეს, რადგან კომისიის რეგისტრატორს შეეშალა ხელმოწერა.
COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევა
- #65 მარტვილის ოლქის #25 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი დაიშვებოდა პირბადის გარეშე. დამკვირვებლის მითითების შედეგად, დარღვევა აღმოიფხვრა.
საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებული დარღვევა
- #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #18 უბანზე ყუთების გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საკონტროლო ფურცელი არასათანადოდაა შევსებული, კერძოდ მის არცერთ ეგზემპლარს არ აქვს დასმული ბეჭედი.
- #58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის #64 საარჩევნო უბანზე გადასატან საარჩევნო ყუთში მოთავსებული საკონტროლო ფურცელი არ იყო საუბნო საარჩევნო კომისიაში შედარების მიზნით შენახული საკონტროლო ფურცლის იდენტური, რაც წარმოადგენს კანონმდებლობის უხეშ დარღვევას და ითვალისწინებს გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგების ბათილობას.
- #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #14 უბანზე გადასატან ყუთში არსებული საკონტროლო ფურცელი არ ემთხვევა ძირითადი ყუთის და საუბნო კომისიის თავმჯდომარესთან შენახულ საკონტროლო ფურცლების ნიმუშებს.
გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევა
- #17 თელავის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ საარჩევნო სიაში არ არის დაფიქსირებული არცერთი ამომრჩევლის ხელმოწერა, თუმცა სიაში მყოფი ყველა ამომრჩევლის ბიულეტენი გამოყენებულია.
ყუთების გახსნის შემდეგ ხმის დათვლის პროცედურის დაღვევა
- #9 ნაძალადევის ოლქის #90 საარჩევნო უბანზე წილისყრით გამოვლენილი მთვლელების გარდა ხმების დათვლაში მონაწილეობენ კომისიის დანარჩენი წევრები და დამკვირვებლები.
წილისყრის წესის დარღვევა
- #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთის გახსნამდე თავმჯდომარემ არ ჩაატარა წილისყრა მთვლელთა გამოსავლენად. დათვლა დაიწყო კომისიის ყველა წევრმა და პარტიების წარმომადგენლებმა.
საარჩევნო უბნებზე ელექტროენერგიის გათიშვა
- #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე მარნეულში გაითიშა ელექტრო ენერგია, უბანთან არის ხალხმრავლობა, იქვე დიდი რაოდენობით მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი
- #82 შუახევის ოქლის #26 და #24 საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, გარკვეული პერიოდით გაითიშა ელექტრო ენერგია.