ნებისმიერ ფაქტს და სამართალდარღვევას, რაც არჩევნების მიმდინარეობისას გამოიკვეთება, დეტალურად შევისწავლით და დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, ვინ იქნება დამრღვევი, მოყვება შესაბამისი მკაცრი რეაგირება – ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შსს-ს საარჩევნო უბანში შესვლის უფლება, კანონმდებლობიდან გამომდინარე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის შემთხვევაში აქვს.
„მიმდებარე ტერიტორიაზე გამოცხადების ვალდებულება გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა კონკრეტული სამართალდარღვევის აღკვეთა ხდება საჭირო. რაც შეეხება მობილურ ჯგუფებს, რომლებიც სხვადასხვა უბნებზე გადაადგილდებიან, ძირითადი მიზანია ის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და მყისიერი რეაგირება მოხდეს თითოეულ სამართალდარღვევაზე, რაც საბოლოოდ ჩვენს მოქალაქეებს საშუალებს მისცემს, რომ საკუთარი ნება თამამად გამოავლინონ ყოველგვარი იძულებისა და ზეწოლის გარეშე“, – განაცხადა ცაციაშვილმა.