ყველაზე სერიოზული პრობლემა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაა – isfed-მა საუბნო კომისიებში 47, საოლქოებში კი – 33 საჩივარი დაწერა

358

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, უბნის მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზებამ და ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო. ამ დროისთვის, მსგავსი შემთხვევები 11 საარჩევნო ოლქის 18 საარჩევნო უბანზე ფიქსირდება. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ასევე გამოვლინდა ამომრჩევლებისთვის ფოტოების გადაღების ფაქტებს. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას. შესაბამისად, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებსა და კანდიდატებს, შეწყვიტონ მსგავსი პრაქტიკის გამოყენება.

კვლავ ფიქსირდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები. რამდენიმე საარჩევნო უბანზე გამოვლინდა მარკირების წესის დარღვევის შემთხვევებიც. ცალკეულ უბნებზე რეგისტრატორები ბიულეტენებს დარღვევით გასცემდნენ.

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია – 47 საჩივარი, საოლქო საარჩევნო კომისიებში – 33 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირდა 21 შენიშვნა.

დარღვევები

ამ ეტაპისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

ამომრჩევლის ნების კონტროლი

  • #48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქის #30 უბნის შესასვლელთან „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ამომრჩეველთა სიებით იმყოფებოდნენ და მოსულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ. უბანთან ასევე იმყოფებიან მერის წარმომადგენელი და საკრებულოს დეპუტატი.
  • #17 თელავის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბნის ტერიტორიის შესასვლელთან დაახლოებით 20 მეტრის ფარგლებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველს აღრიცხავდნენ. ამავე საარჩევნო ოლქის #40 უბანზე მიმდინარეობს ამომრჩევლის აღრიცხვა;
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანთან დგას ავტომობილი რომელშიც სიებით მობილიზებული ადამიანები სხედან და ამომრჩეველს აღრიცხავენ.
  • #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #32 უბანთან დგას ავტომობილი, რომელშიც მსხდომ პირებს აქვთ ამომრჩეველთა სიები, ისინი უბანში შესვლამდე ამომრჩეველს აჩერებდნენ. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის შენიშვნის შემდეგ მათ უბნის შორიახლოს გადაინაცვლეს.
  • #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის #1, #30 და #2 საარჩევნო უბნებთან კოორდინატორები ამომრჩევლებს აღრიცხავენ. #2 საარჩევნო უბანზექართული ოცნების“ წარმომადგენელმა მძღოლს მისცა მითითება, ავტომობილით მოეყვანა ამომრჩევლები რადგან უბანთან ამომრჩეველთა რიგი შემცირდა.
  • #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს აქვს ამომრჩეველთა სია და აღრიცხავს უბანზე მოსულ ამომრჩეველს.
  • #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #20, და #6 უბანზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უბნის შიგნით და მის გარეთ მოსულ ამომრჩეველს აღრიცხავენ.
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #69 უბანზე კომისიის რეგისტრატორი წევრი მოსულ ამომრჩეველს ცალკე ფურცელზე ინიშნავს.
  • #50 საჩხერის საარჩევნო ოლქის #14 უბნის წინ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მაგიდასთან სიებით სხედან და მოსულ ამომრჩეველს აღრიცხავენ;
  • #39 ასპინძის საარჩევნო ოლქის #16 და #17 უბნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშირისო ობსერვატორიის“ აკრედიტირებული პირები საუბნო კომისიის წინ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ, ამასთან ისინი აგრესიით გამოირჩეოდნენ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიმართ.
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #9, #15, და #16, საარჩევნო უბნების გარეთ მყოფი „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მოსულ ამომრჩეველს აღრიცხავენ.

ამომრჩევლებისთვის ფოტოს გადაღება

  • #17 თელავის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანზე, #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #65 საარჩევნო უბანზე, #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #90 საარჩევნო უბანზე, #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #52 საარჩევნო უბანზე, #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე ან მიმდებარედ მედია საშუალება „ნიუპოსტის“ წარმომადგნელები მოსულ ამომრჩევლებს ფოტოებს მასშტაბურად უღებენ.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

  • #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტინთან ერთად კონვერტში ჩადო ამომრჩევლის ბარათი და ხმამაღლა გაჟღერა ეს ფაქტი.
  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #32-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა კაბინის გარეთ, უბნის ტერიტორიაზე.
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე 8:00 საათიდან 11:30-მდე საარჩევნო კაბინების თავზე განთავსებული იყო ჩართული ვიდეოკამერა, რომლითაც, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა მიერ გაკეთებული არჩევანის დაფისირება იყო შესაძლებელი.

ბიულეტენების გაცემასთან დაკავშირებული დარღვევები

  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #54 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ბიულეტენი ყუას ისე მოახია, რომ სიის 1 და 2 ნომრები დარჩა ყუაზე და, შესაბამისად, ბიულეტენში ამ ნომრის პარტიები არ აღმოჩდნენ. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა 11-11 ამგვარი ფორმით გაცემული დაზიანებული ბიულეტენი აღმოაჩინა როგორც პროპორციულ ასევე მაჟორიტარულ არჩევნებზე.
  • #84 ხულოს საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს ქონდა მხოლოდ მაჟორიტარული სახის ბიულეტენები, რომლებსაც გასცემდა ამომრჩეველზე, როგორც მაჟორიტარული ისე პროპორციული ბიულეტინების სახით, მის მიერ ზემოაღნიშნული წესით მოხდა დაახლოებით 30 ბიულეტინის გაცემა ანუ ჯამში გაიცა 60 მაჟორიტარული სახის ბიულეტენი.

მარკირების წესის დარღვევა

  • #8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #39 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა ხმა მისცა მარკირების შემოწმების გარეშე.
  • #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #40 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს დაუფიქსირდა მარკირება, მაგრამ ნაკადის მომწესრიგებელმა დაუშვა უბანზე, ხოლო რეგისტრატორმა გადასცა ბიულეტენი და მისცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს შეცდომით გაუკეთა მარკირება, ამომრჩევლის სახელი და გვარი ემთხვეოდა სხვა ამომრჩევლის სახელსა და გვარს, თუმცა პირადი ნომერი განსხვავებული ჰქონდა და სხვა უბნის ამომრჩეველი იყო.
  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #65 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს რომელსაც მარკირება დაუფიქსირდა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება მისცეს.
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #46 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა მარკირება სხვა უბნის ამომრჩეველს გაუკეთა.
  • #26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის #14-ე საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებლმა ამომრჩეველს მარკირება და პირადობის მოწმობა არ შეუმოწმა.

ბიულეტენის საარჩევნო ყუთში შეცდომით მოთავსება

  • #70 ფოთის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ძირითად საარჩევნო ყუთში მოსათავსებელი ბიულეტენი მოათავსა გადასატან საარჩევნო ყუთში.
  • #63 აბაშის საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი ძირითადი ყუთის ნაცვლად იმ კონტეინერში ჩააგდო, სადაც გამოყენებული ინდივიდუალური კალმები უნდა მოთავსდეს.
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემის ბიულეტენები სხვადასხვა კონვერტით მოათავსა ყუთში.

კომისიის წევრების მიერ უფლებამოსილების არგანხორციელება

  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #52 საარჩევნო უბანზე არის ხალხმრავლობა და ქაოსი. ნაკადის მარეგულირებელი ამომრჩევლებს უბანზე რიგის დაცვის გარეშე უშვებს.
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #46 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრის დარეგისტრირებაზე უარი განაცხადა;
  • #27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე, საარჩევნო ყუთის ზედამხედველი სათანადოდ არ ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას, რის გამოც საარჩევნო ყუთთან ამომრჩევლები ერთად მიდიან.
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #31 უბანზე ნაკადის მარეგულირებელი საარჩევნო უბნის გახსნიდან 40 წუთის განმავლობაში ამომრჩევლებს უბანზე უშვებდა პირადობის მოწმობის შემოწმების გარეშე.

COVID-19 რეგულაციებთან დაკავშირებული დარღვევები

  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #73 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორის მაგიდასთან დაშვებულია 2-ზე მეტი პირი. ნაკადის მარეგულირებელი არ აკონტროლებს დაშვებას სათანადოდ.
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანზე 8-დან 11 საათამდე მოსულ ამომრჩეველს ტემპერატურას უზომავდნენ, თუმცა დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ შეწყვიტეს.
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრი უგულებელყოფენ პირბადის ტარების სავალდებულო წესს. გაფრთხილების მიუხედავად, ისინი მაინც აგრძელებენ საარჩევნო უბანზე  პირბადის გარეშე ყოფნას.

ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #81 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა და რეგისტრატორმა ხელი მოაწერეს სხვა ამომრჩევლის გრაფაში.

კომისიის საქმიანობაში ჩარევა

  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #24 უბანზე მედიის რეგისტრირებული წარმომადგენელი ითავსებდა ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქციას.

საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება

  • #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელში ჩაწერეს იმ პირველი ამომრჩევლის სახელი და გვარი ვინც არ იყო ამ უბნის ამომრჩეველი და ისე ჩააგდეს ყუთში.
  • #33 ქარელის საარჩევნო ოლქის #40 უბანზე თავმჯდომარემ ძირითად საარჩევნო ყუთში ერთის ნაცვლად ორი საკონტროლო ფურცელი ჩააგდო.

კენჭისყრის პროცედურის დაგვიანება

  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #43 უბანზე კენჭისყრის პროცედურა დაიწყო 30 წუთის დაგვიანებით.

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის PVT შედეგების საფუძველზე

ხმების პარალელური დათვლის (PVT) მონაცემებით 12:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 19.1% (+/-0.2% ცდომილების ხარისხით) შეადგინა, რაც სტატისტიკურად უმნიშვნელოდ შემცირებულია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონაცემთან შედარებით (19.7%).

თბილისში 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 18.2%-ია, რაც წარმოადგენს მცირედ ზრდას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების 12 საათისთვის დაფიქსირებულ ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემთან შედარებით (17.9%). რეგიონებში (თბილისის გარდა) ამომრჩეველთა აქტივობამ 19.4% შეადგინა, მაშინ როდესაც 2016 წელს ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი 12 საათისთვის რეგიონებში 20.6% იყო.

PVT-ის ინფორმაციის ანალიზი, ასევე, იძლევა საშუალებას ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემების საფუძველზე დადგინდეს თითოეულ დასაკვირვებელ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სისწრაფე. მიღებული ინფორმაციის თანახმად, საარჩევნო უბნების გახსნიდან 12 საათამდე პერიოდში, საარჩევნო უბნების 72.1%-ზე (2016 წელს – 70.7%) ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა ერთ ამომრჩეველს წუთში, უბნების 27.9 %-ზე (2016 წელს – 29.3%) ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-დან 2 ამომრჩევლამდე წუთში.

საარჩევნო უბნების 96.2%-ზე კენჭისყრის პროცესი კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით მინდინარეობს.