“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საარჩევნო უბანზე “კარუსელის” ჩატარების მცდელობებზე საუბრობს.
როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, ბოლო 1 საათში დარღვევები დაფიქსირდა ქუთაისში, რუსთავში, თბილისში, მარნეულში, ზუგდიდსა და წყალტუბოში.
“ქუთაისში, მე-12 საარჩევნო უბანზე, აბესალომ აბულაძე, რომელიც კოვიდ ინფიცირებულთა სიაში იყო, უბანზე გამოცხადდა და ხმაც მისცა.
სოფელ ჭანდარში მარკირებას არ უკეთებენ ამომრჩევლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამომრჩეველს, რომელსაც მარკირება არ აქვს, შეუძლია სხვა უბანზე მივიდეს და მისცეს ხმას.
ანალოგიური ვითარებაა რუსთავის მე-12 უბანზე, ამომრჩეველს მარკირებას არ უკეთებენ, რაც არის კანონდარღვევა.
კრწანისის მე-16 უბანზე პირი, რომელმაც ხმა მისცა გადასატან ყუთზე, გამოცხადდა საარჩევნო უბანზე და იქ ჰქონდა მცდელობა, ხმა კიდევ მიეცა.
გლდანის 55-ე უბანი – კომისიის წევრს აქვს გადამალული კონვერტები, რისი დამადასტურებელი ვიდეომასალას გვაქვს. გადამალული კონვერტები ნიშნავს იმას, რომ ამ უბნიდან გამოსული ადამიანები შემდეგ ემზადებიან კარუსელისთვის, რომ ცარიელი საარჩევნო ბიულეტენებით სხვა უბნებზე მივიდნენ და იქ მისცენ ხმა.
ზუგდიდში – ირაკლი ცაავა, რომელიც გახლავთ პატრულის თანამშრომელი, ფორმით დადის და პირადაპირ დაჰყვება ოცნების მხარდამჭერებს 80-ე უბანზე და ოპოზიციის წარმომადგენლებს აშინებს იქ. ემუქრება მათ.
მარნეულში სოფელ თავსაქენდში მე-13 უბანზე კომისიის თავმჯდომარე ანგარიშს აბარებს პოლიციელს თუ რა ვითარებაა და როგორ მიმდინარეობს პროცესი.
წყალტუბოში, სოფელ ფარცხანაყანევში, საარჩევნო უბანზე იმყოფებიან გამგებელი ზურაბ მიქაძე და საკრებულოს წევრი კახა კუბლაძე, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიციის თანამშრომლები “ქართული ოცნების” დაკვეთას ასრულებენ და საარჩევნო უბნებზე მომხდარ ინციდენტებზე რეაგირებას არ ახდენენ.
“კიდევ ერთი ფაქტი ის არის, რომ პოლიცია პრაქტიკულად პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს. დღეს სადაც კი იყო შედარებით დაძაბული ვითარება, ფიზიკური დაპირისპირება, გვერდით იდგნენ პოლიციელები და არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ”, – თქვა უდუმაშვილმა.
საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თითქმის პროპორციული სისტემით ტარდება – პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი – პროპორციული სიით. მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურები პირველი ტურების დასრულებიდან 3 კვირის თავზე ინიშნება. უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 – ის მოგროვება დასჭირდებათ.