მოვუწოდებ შსს-ს, ნუ ცდილობს ჩვენი მხარდამჭერების დაშინებას, რადგან თქვენი არავის არ ეშინია! – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შსს-ს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე ვაშაძემ ხმის მიცემის პროცესში შესაძლო დარღვევების შესახებ ისაუბრა.
„მინდა გამოვეხმაურო ისნის რაიონში პოლიციისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან აგრესიულ ქმედებას ჩვენს მოხალისეებზე. ჩვენი მოხალისეები კანონის სრული დაცვით, საკმაოდ დიდი დისტანციით დგანან ქუჩაში და არიგებენ პირბადეებს, მოუწოდებენ ადამიანებს, მივიდნენ არჩევნებზე. მოვუწოდებ შსს-ს, ნუ ცდილობს ჩვენი მხარდამჭერების დაშინებას, რადგან თქვენი არავის არ ეშინია. მითუმეტეს, პოლიციელებს მოვუწოდებ, რომელთაც თავადაც უნდა გამოხატონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა: მე მგონი, თქვენც მოგბეზრდათ უკვე ეს პოლიტიკური დავალებების შესრულება და აუცილებელია, დავიცვათ კანონი. ძალიან გთხოვთ, წაიკითხეთ საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი, სადაც ზუსტად არის განმარტებული, თუ როგორი ტიპის აგიტაცია არის აკრძალული საარჩევნო დღეს. აი, როგორი ტიპის აგიტაციაც არის აკრძალული, ასეთს ნამდვილად ეწევიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათაც მოვუწოდებ, სრულად დაიცავით კანონი“, – განაცხადა ვაშაძემ.
როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა აღნიშნა, მთაწმინდის ერთ-ერთ, 23-ე უბანზე, სიაში გარდაცვლილები დაფიქსირდნენ და მოუწოდა როგორც დამკვირვებლებს, ასევე ყველას, მიაქციეთ ყურადღება, რომ გარდაცვლილთა მონაცემთა გამოყენება არ მოხდეს საარჩევნო დღეს. ასევე, ვაშაძემ ისაუბრა ფულის გადაცემის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებითაც.
„აქვე მინდა ვთქვა პირდაპირ ფულის გადაცემის ფაქტების შესახებ საარჩევნო უბნებთან, აქ ვიდეო გვაქვს მოტანილი. ერთ-ერთი ვიდეო ასახავს ფულის გადაცემის ფაქტს აჭარაში, თუ როგორ გადასცემენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, ალბათ, გარკვეული პირობების სანაცვლოდ. გადაღებულია ვიდეო და სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ისევ და ისევ პირდაპირ მოსყიდვას მიმართავს ამ არჩევნებზე. ყველაფერ ამასთან გასამკლავებლად მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს: იცოდეთ, რომ როდესაც საარჩევნო უბანთან მიდიხართ, როცა შეხვალთ ხმის მისაცემად, იქ ვერავინ გააკონტროლებს თქვენს ხმას. ძალიან გთხოვთ, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ თითოეულ ბიულეტენს და გავაკეთოთ არჩევანი მთელი გულით. ამ ზეწოლებმა და წნეხმა თქვენზე არ უნდა იმოქმედოს. დამერწმუნეთ, დღეს დიდი გამარჯვების საერთო ზეიმი გვექნება, მთავარია, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე. დღეს ისტორიული დღეა და ძალიან მნიშვნელოვანია, ყველანი ვიყოთ აქ“, – აღნიშნა ვაშაძემ.