ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური: ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს სთხოვენ სამხედრო ფორმებში გამოცხადებას და მზადყოფნას სხვადასხვა მიმართულებით გასაგზავნად

406

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარკვეული ჯგუფები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს სთხოვენ, დღეს, სამხედრო ფორმებში გამოცხადებას და მზადყოფნას, სხვადასხვა მიმართულებით გასაგზავნად.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია, ქვეყნის მოღალატე სუბიექტები, რომლებიც ყოველთვის გამოირჩეოდნენ ანტიეროვნული ისტერიით, სახელმწიფოებრივი ინტერესების უგულებელყოფით, ადამიანის სიცოცხლის უფლებისა და თავისუფლების ხელყოფით, შერჩევითი სამართლით, ჩვენი თანამებრძოლების და მოქალაქეების ქუჩაში დახვრეტით, კვლავ აგრძელებენ რიტორიკას ისტერიული ულტიმატუმებით! ქვეყნისათვის ისეთ გადამწყვეტ ჟამს, როგორიცაა არჩევნები, არჩევნებში თავისუფალი ნების გამოხატვა, სხვა ქვეყანის მოქალაქე, უსამშობლო ავანტიურისტის მიერ, მაღალ თანამდებობზე დანიშვნის პირობით და 30 ვერცხლით უზრუნველყოფით წაქეზებული რამდენიმე, წარსული დიდების ნოსტალგიითა და განდიდების მანიით შეპყრობილი, ყოფილი, თუ კარგად შენიღბული, მოქმედი ჯარისკაცი, ოფიცერი თუ გენერალი, ცდილობს, ორგანიზება გაუწიოს ქვეყანაში ქაოსსა და არეულობას, რამეთუ კარგად უწყის, რომ საქართველოს მოსახლეობა მათ ნდობის მანდატს არ მისცემს. სხვაგვარად ვერ აიხსნება მათი ქმედება, გვერდით დაუდგნენ სამშობლოს და ჩვენი თანამებრძოლების, ჩვენი მოქალაქეების სისხლში გასვრილ სუბიექტებს, რომლებიც თუ რამით ახსოვს საზოგადოებას, ესაა ქვეყნისთვის ძნელბედობის ჟამს მასიური დეზერტირობა.

რადგან უკვე მკაფიოდ გამოიკვეთა მათი რეალური მიზნები და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნება, არ დაუშვას ქვეყანაში ურთიერთდაპირისპირება, სისხლს მოწყურებული, ანტისახელმწიფოებრივი ძალები, ცდილობენ, უნიჭოდ დადგმული სცენარით, საარჩევნო უბნებსა და მთელს ქვეყანაში მოაწყონ პროვოკაციები და გამოიწვიონ დესტაბილიზაცია. ამ მიზნით, მათმა ემისრებმა, ინტენსიურად დაიწყეს მოქმედება – მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს სთხოვენ, დღეს სამხედრო ფორმებში გამოცხადებას და მზადყოფნას, სხვადასხვა მიმართულებით გასაგზავნად! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ ანტისახელმწიფოებრივი ძალების მიერ, ქვეყნის ასარევად მომზადებული შემადგენლობის ძირითადი ნაწილი არა ვეტერანი, არამედ სამშობლოსათვის მებრძოლი მეომრის სახელს ამოფარებული პირები არიან, რომლებიც თავიანთი განუხორციელებელი, ერთჯერადი ავანტიურით ცდილობენ, დასაწყისშივე მარცხისთვის განწირული ბრძოლის დაწყებას ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩატარების წინააღმდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, არ აყვნენ აღნიშნული ჯგუფების მოწოდებებს.

„ჩვენო მეგობრებო, ძმებო, დებო, გვინდა, გაგაფრთხილოთ, რომ უსამშობლო ბრბო, რომელმაც თავისი გაუაზრებელი თუ გააზრებული ქმედებებით, მტერთან გარიგებით, ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყული მიწა ჩრდილოელ ოკუპანტს ჩააბარა, სამშობლოსათვის თავდადებული ჩვენი გმირი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვა, დავით გარეჯა გაყიდა, კვლავ წაგებულ ომში გეპატიჟებათ, რადგან არ შეიძლება, შენი ქვეყნის, შენი თანამებრძოლის, შენი მოქალაქის წინააღმდეგ ხელის და იარაღის აღმართვა, გამარჯვების მომტანი იყოს! როგორი განსხვავებული ხედვაც არ უნდა გქონდეთ, თქვენ, ჩვენი ნაწილი ხართ და არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გამოგიყენონ, თქვენი ღირსება და სახელი შელახონ. ჩვენ, თქვენს მიმართაც ისეთივე პასუხისმგებლობა გვაკისრია, როგორიც თითოეული ჩვენი ვეტერანის წინაშე. გახსოვდეთ, ქვეყნის მოღალატე არც თქვენი ერთგული იქნება. ამ ქვეყნის ისტორია, ჩვენი წინაპრების თავდადებითა და სამშობლოსათვის თავგანწირული მეომრების სისხლით იწერებოდა,თუმცა, ყველა დროს თავისი მოღალატეებიც ყავდა. ჩვენი რეალობაც არაა ამ მხრივ გამონაკლისი და სამწუხაროდ, ჩვენს გუშინდელ თანამებრძოლთა შორისაც აღმოჩნდნენ ის ვიგინდარები, რომელთაც უნდათ, ჩვენი სამშობლოს ისტორიას ერთმანეთის მოტყუებით, ღალატით და მეომრის ღირსების შელახვით შემორჩნენ! ეს მათი არჩევანია! მათ კატეგორიულად ვაფრთხილებთ_ არავის ჰქონდეს ამ ქვეყნის არევის, დესტაბილიზაციის შექმნის, იარაღის ჟღარუნით ქვეყნის ჩამონგრევის ილუზია! ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლოს, სახელმწიფოებრიობის შეგრძნება, თავად გააკეთებს თავის არჩევანს ისე, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება. სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუციები, თითოეული ჩვენგანი, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს მიეცეს მშვიდ გარემოში არჩევანის გაკეთების და ამ არჩევანის დაცვის შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაემიჯნოთ ანტიეროვნულ, სამშობლოს მოღალატეთა, კრიმინალთა ბრბოს და დადგეთ საკუთარი სინდისის, ქვეყნის ინტერესების მხარეს. ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი”, – ნათქვამია გავრცლებულ განცხადებაში.