ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები პარლამენტის არჩევნებს საქართველოს შვიდ რეგიონში აკვირდებიან: 1. კახეთში – საგარეჯოს და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; 2. ქვემო ქართლში – გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; 3. სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; 4. შიდა ქართლის რეგიონში, გორის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; 5-7) იმერეთის, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
საარჩევნო უბნებზე არჩევნებს ასევე აკვირდებიან და აშუქებენ ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგამოცემის – humanrights.ge-ს ჟურნალისტები. დამკვირვებელთა და ჟურნალისტთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობისა და აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ოპერატიულად ქვეყნდება ორგანიზაციის ფეისბუკ-გვერდსა და ინტერნეტ-გაზეთში – www.humanrights.ge, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე – მიეწოდება სხვადასხვა მედიასაშუალებებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი არჩევნების პროცესის პირველად შეფასებას კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს. ამ დროისთვის იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაცია მონიტორინგს ახორციელებს, არჩევნები ძირითადად მშვიდ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს. დაფიქსირებულ ცალკეულ დარღვევებს, ამ ეტაპზე, არ შეუძლიათ, არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
11:00 საათისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე დაარეგისტრირეს 5 საჩივარი და 10-ზე მეტი შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში.
საჩივრების ნაწილის შინაარსი:
- ბოლნისის # 14.23.47 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს არ გაუკეთეს მარკირება, რის შესახებაც დაიწერა საჩივარი.
- წყალტუბოს #22.58.02 საარჩევნო უბანზე ყუთის ზედამხედველმა ერთ ამომრჩეველზე გასცა 2 კონვერტი და ამომრჩეველმა ცალ-ცალკე ჩადო მაჟორიტარული და პროპორციული სიის ბიულეტინები. ამის თაობაზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოითხოვა დამრღვევის დისციპლინური პასუხისმგებლობა.
ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პირობებში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი გამოწვევა არის კენჭისყრის უსაფრთხო გარემოში ჩატარება. ცესკოს განცხადების მიუხედავად, რომ ამომრჩეველთა უსაფრთხოება დაცული იქნებოდა, მონიტორებისგან და სოციალური ქსელიდან მიღებული ინფორმაციით, ჩანს, რომ დიდი პრობლემაა საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობა, რის გამოც შეუძლებელი ხდება რეკომენდებული დისტანციის დაცვა. რეგიონებში ბევრი უბანი მცირე ზომისაა და ამომრჩევლების შესვლამდეც კი, მხოლოდ კომისიის წევრები და სტატიკური დამკვირვებლები მთლიანად ავსებენ უბანს ისე, რომ იზრდება ვირუსის გავრცელების რისკი. დიდი პრობლემაა, საარჩევნო უბნებზე პირბადის გარეშე გადაადგილება. არის შემთხვევები, როდესაც დამკვირვებლების, კომისიის წევრების და თავჯმდომარის მოთხოვნებს ამომრჩევლები არ ემორჩილებიან და არ იკეთებენ პირბადეს, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს სამედიცინო ცნობა სასუნთქი გზების პრობლემების შესახებ. ასეთი სახის დაბალ სამოქალაქო კულტურას ავლენენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიც და უბანზე მყოფი დამკვირვებლებიც. მაგალითად, პანკისის ხეობაში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის წევრი პირბადეს არ იკეთებდა და ყველა ბიულეტენს თითის ნერწყვით დასველების შემდეგ გადასცემდა ამომრჩეველს.
ახალგაზრდა კონტროლიორები
ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორის ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაზარლოს N40 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა შემდეგ ფაქტს: კენჭისყრის შენობაში, შესასვლელთან ახლოს, მაგიდასთან ისხდნენ პირები სიებით. ერთ-ერთს ჰქონდა დამკვირვებლის სამკერდე ნიშანი და წარმოადგენდა ორგანიზაციას „ახალგაზრდული ცენტრი საქართველო“. ისინი აჩერებდნენ კენჭისყრის შენობაში შემოსულ ამომრჩევლებს და იწერდნენ მათ სახელს და გვარს. მსგავსი მოქმედებები შეიცავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე ზემოქმედების ნიშნებს. საარჩევნო კოდექსში 2020 წლის ივლისში შესული ცვლილებების თანახმად, კენჭისყრის შენობაში და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 25 მეტრ რადიუსში იკრძალება ამომრჩევლის შეფერხება (საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 პუნქტი). ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორის მოთხოვნით, N40 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობის დამრღვევ პირებს მიუთითა, დაეტოვებინათ ტერიტორია, რის შემდეგაც პრობლემა აღმოიფხვრა. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჰქონდა ადეკვატური რეაგირება ამ ფაქტზე.
* * *
ადამიანის უფლებათა ცენტრის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების პროექტები მოიცავს როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ისე უშუალოდ არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცესის დაკვირვებას.
პროექტების მიზნებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრი, მონიტორინგის გზით, შეაფასებს საქართველოს საარჩევნო პროცესის შესაბამისობას საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებთან, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და შერჩეულ საარჩევნო უბნებში უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას.
მონიტორები საარჩევნო პროცესს უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე და საბოლოო ოქმის შევსებამდე დააკვირდებიან. დარღვევების თაობაზე მომზადებული საჩივრები მომზადდება საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიებისთვის, საჭიროების შემთხვევაში – სასამართლოსთვის. დამკვირვებლები ბოლომდე მიჰყვებიან ყველა პროცესს საბოლოო შედეგის მიღებამდე.
საარჩევნო დღის განმავლობაში დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ოპერატიულად გამოქვეყნდება ორგანიზაციის ინტერნეტ-გაზეთში – www.humanrights.ge, ქართულ და ინგლისურ ენებზე და მიეწოდება სხვადასხვა მედიასაშუალებებს.
წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესის დაკვირვებისას აღმოჩენილ დარღვევებზე და სხვა მიგნებებზე ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოაქვეყნებს ორენოვან ანგარიშს. ანგარიშში ასახული იქნება რეკომენდაციები როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე საქართველოს პარლამენტისა და შესაბამისი უწყებების მიმართ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროექტებს ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტისა და შავი ზღვის ფონდი – რეგიონული თანამშრომლობისთვის მხარდაჭერით.