“მრავალეროვანი საქართველო”: დავაფიქსირეთ დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის, სიტყვიერი დაპირისპირების, საარჩევნო უბნის არასათანადოდ მოწყობისა და დარღვევების სხვა ფაქტები

454

07:00-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა. მიუხედავად აღნიშნულისა, დაფიქსირდა გარკვეული ხასიათის ხარვეზები.   

დამკვირვებლისათვის უფლების შეზღუდვა (5 ფაქტი):

დილის 07:00 საათიდან 08:00 საათამდე უბანზე შესვლის პრობლემა შეექმნათ  „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლებს მარნეულის ორ (უბანი #13.22.65 და #13.22.36) და კრწანისის ორ  საარჩევნო უბანზე (უბანი #01.04.19 და #01.04.25). გარკვეული დროით დამკვირვებლების უბნის გარეთ დაყოვნების შემდეგ  დამკვირვებლები საარჩევნო უბანზე შეუშვეს.

მარნეულის #13.22.65 უბანზე დამკვირვებელს არ უშვებდნენ დილის 07:08 წუთზე. საუბნო საარჩევნო  კომისიის წევრების განმარტებით, დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე 08:00 საათამდე ვერ შევიდოდა. დამკვირვებელი უბანზე 07:14 წუთზე დაუშვეს, მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დარეკა.

მარნეულის #13.22.36 უბანზე დამკვირვებელს არ უშვებდნენ დილის 07:00 საათზე, ვინაიდან კომისიის წევრებმა ვერ შეძლეს თერმომეტრის აპარატის მოხმარება. მას შემდეგ, რაც დამკვირვებელი დაეხმარა მათ აპარატის მოხმარებაში, დამკვირვებელი შეუშვეს საარჩევნო უბანზე.

ახალქალაქის #18.40.61 უბანზე დამკვირვებელი არ შეუშვეს იმ არგუმენტით, რომ ის არ იყო ამ უბნის დამკვირვებელი. მრავალეროვანი საქართველოს მობილური ჯგუფის მისვლის შემდეგ დამკვირვებელი შეუშვეს უბანზე.

კრწანისის #01.04.25 უბანზე დამკვირვებლები არ შეუშვეს დილის 07:00 საათზე. საუბნო საარჩევნო კომისიის განმარტებით, დამკვირვებლებს მხოლოდ 08:00 საათზე შეუშვებდნენ. საუბნო საარჩვნო კომისიამ უბნის კარები ჩაკეტა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა საარჩევნო უბანზე შესვლა დილის 08:00 საათის შემდეგ შეძლო.

კრწანისის #01.04.19  უბანზე დამკვირვებელს არ უშვებნენ. საოლქო საარჩევნო კომისიიდან განხორციელებული ზარის შემდეგ მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე შეუშვეს.

მარნეულის #13.22.70 უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიამ მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელს მიუთითა, რომ საარჩევნო უბანზე გადაადგილების უფლება არ ჰქონდა და ერთი კონკრეტული ადგილიდან უნდა დაკვირვებოდა კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას. მას შემდეგ, რაც საოლქო საარჩევნო კომისიის მიუთითეს, დარღვევა აღმოიფხვრა.

საარჩევნო უბნის არასათანადოდ მოწყობა (4 ფაქტი)

ნინოწმინდის #18.41.34 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მიღება 08:23 საათზე შეძლეს, ვინაიდან საარჩევნო უბანზე არ ჰქონდათ საკონტროლო ფურცელი. მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბანზე მიიტანეს საკონტროლო ფურცელი, საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი მიიღეს და კენჭისყრის პროცესი დაიწყო.

მარნეულის #13.22.65 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მიღება 08:22 საათზე შეძლეს, ვინაიდან დამკვირვებლის ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა საკონტროლო ფურცლის შევსება და საარჩევნო კომისიის წევრების ფუნქციების გამოსავლენად წილისყრის ჩატარება არ იცოდნენ. ამ საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი მას შემდეგ შეავსეს და წილისყრა ჩაატარეს, რაც საუბნო საარჩევნო კომისიაში დასახმარებლად ცესკოს წარმომადგენელი მივიდა.

მარნეულის #13.22.80 უბანზე საარჩევნო კაბინები მოწყობილი არ არის სათანადოდ. კერძოდ, ფარული კენჭისყრის კაბინაში ამომრჩევლის შესასვლელი ერთი მხრიდან გახსნილი არ არის და გახსნილი მხარე მიმართული არ არის კენჭისყრის შენობის კედლისკენ იმგავარად, რომ  არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი, თანახმად ცესკოს #38-ე დადგენილების პირველი მუხლის ი) ქვეპუნქტისა.

ისნის #04.05.02 საარჩევნო უბანი არასათანადოდ იყო მოწყობილი. ფარული კენჭისყრის კაბინების უკან იყო ცალკე კარი, რომლითაც ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე შესვლა შეეძლოთ მარკირების გარეშე. დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ, ხარვეზი აღმოიფხვრა, კაბინები გადაადგილეს.   

სიტყვიერი დაპირისპირება (1 ფაქტი)

მარნეულის #13.22.71 უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და საარჩევნო კომისიის წევრს შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.“ თავმჯდომარემ კომიის წევრს გადაღების უფლება შეუზღუდა და ხელი ჰკრა, როდესაც ის წილისყრის პროცედურის მობილური ტელეფონიდან გადაღებას ცდილობდა.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა (1 ფაქტი)

ყვარლის #10.16.12 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ერთ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანდასწრებით დააფიქსირა ისე, რომ ის ფარული კენჭისყრის კაბინაში არ შესულა.  მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ ამომრჩეველი ფარული კენჭისყრის კაბინაში შევიდა და მეორე ბიულეტენზე არჩევანი კაბინაში გააკეთა.

სადემონსტრაციო ოქმის არშევსება (2 ფაქტი)

ნინოწმინდის #18.41.28 უბანზე კომისიის მდივანი არ ავსებდა სადემონსტრაციო ოქმს  და არ შეჰქონდა სადემონსტაციო ოქმში ამომრჩევლების ერთიან სიაში ამომრჩევლების რაოდენობა.  კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ  ამ მონაცემებს სადემონსტრაციო ოქმში დღის ბოლოს შეიტანდა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელმა მიუთითა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ამის შესახებ, თუმცა მან რეაგირება არ მოახდინად. დამკვირვებელმა შენიშვნა დააფიქსირა ჩანაწერთა წიგნში.

თერმოსკრინინგის ჩატარების წესი (2 ფაქტი)

ახალქალაქის #13.40. 67  უბანზე თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდა საარჩევნო უბანზე ყოფლის უფლებამოსილების მქონე ორ პირს. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის მითითების შემდეგ ორივე პირს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა.  

მარნეულის #13.22.65 უბანზე ამომრჩევლებს თერმოსკრინინგს უტარებდნენ. ტემპერატურა 7-8 ამომრჩეველს შეუმოწმეს. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.

არაუფლებამოსილი პირის ყოფნა საარჩევნო უბანზე (1 ფაქტი)

მარნეულის #13.22.70 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი, რომელსაც საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა. მრავალეროვანი საქართველოს დამკვირველის მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა. არაუფლებამოსილ პირს საარჩევნო უბანი დაატოვებინეს.

საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვა (1 ფაქტი)

დმანისის #14.24.48 საარჩევნო უბნის სიახლოვეს დაუდგენელი პირები აღრიცხავენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს მათ ხელთ არსებულ სიაში, თუმცა ისინი არ არღვევენ კანონით გათვალისწინებულ 25 მეტრიან პერიმეტრის მოთხოვნას.

***

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროგრამას, რომელიც მოიცავს როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.

არჩევნების დღეზე დაკვირვება მოიცავს სულ 12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს, რომელიც ფარავს 24  მუნიციპალიტეტის საზღვრებს. ესენია: რუსთავი და გარდაბანი (#12), მარნეული (#13), ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო (#14) – ქვემო ქართლი; ბორჯომი,  ახალციხე, ადიგენი, ასპინძა (#17), ახალქალაქი და ნინოწმინდა (#18) – სამცხე-ჯავახეთი; საგარეჯო და გურჯაანი (#9), ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი და ახმეტა (#10) – კახეთი; კასპი (#15) – შიდა ქართლი; მცხეთა (#11)- მცხეთა-მთიანეთი; ასევე კრწანისი (#1), ისანი (#4) და სამგორი (#5) – თბილისი.

არჩევნების დღის სამონიტორინგო პროგრამაში ჩართულია 600 დამკვირვებელი, მათ შორის 465 საუბნო, 97 მობილიური ჯგუფის, 22 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.

არჩევნებს დღეს სადამკვირვებლო მისიას კოორდინირებას გაუწევს საკოორდინაციო ცენტრი, რომლის ფარგლებშიც იფუნქციონირებს როგორც ინციდენტების ცენტრი, ასევე მედია ცენტრი.   ინციდენტების ცენტრის ოპერატორები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. ოპერატორები მოკლევადიანი დამკვირვებლებისაგან იღებენ და ამუშავებენ ინფორმაციას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევენ პროგრამის იურისტები.

საკოორდინაციო ცენტრში თავმოყრილი ინფორმაცია პერიოდულად გასაჯაროვდება ქართულ და ინგლისურ ენებზე მედია ოფისის მიერ. შემდეგი ინფორმაცია გასაჯაროვდება:

  • პრეს-რელიზი 15:30 სთ-ზე, რომელშიც აისახება და შეფასდება ამომრჩეველთა რაოდენობა და ხმის მიცემის პროცესი;

გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანი საქართველოს“ საკოორდინაციო ცენტრში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომლითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და საკოორდინაციო ცენტრს გაუზიაროს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.

„მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს.

არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისია ხორციელდება „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID), შვედეთის სამეფოს საელჩოს, ნორვეგიის სამეფოს საელჩოს, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს და ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით.

განცხადების შინაარსზე პასუხისმგებელია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და იგი შესაძლოა არ ასახადეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებსა და მოსაზრებებს.