რა გააკეთეს ქუთაისის მაჟორიტარებმა პარლამენტში და რა დაუჯდა მათი შენახვა ბიუჯეტს

441

მე–9 მოწვევის პარლამენტში ქუთაისს სამი მაჟორიტარი დეპუტატი: გენადი მარგველაშვილი, დიმიტრი მხეიძე და კობა ნარჩემაშვილი წარმოადგენს. ზუსტად ერთ დღეში ამ რეალობას საპარლამენტო არჩევნები შეცვლის და ნაცვლად სამისა, ქალაქს მხოლოდ ერთი მაჟორიტარი ეყოლება. ამ თემაზე სტატიას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

მანამდე, ქუთაისიპოსტმა შეაჯამა ჯერ კიდევ მოქმედი მაჟორიტარების განვლილი საქმიანობა. ასევე, დათვალა ის ხარჯები, რაც ბიუჯეტმა მათი სახლფასო ანაზღაურებისთვის და ბიუროების შესანახად დახარჯა.

ერთი გამოცდილი (კობა ნარჩემაშვილი) და ორი გამოუცდელი (გენადი მარგველაშვილი, დიმიტრი მხეიძე) პოლიტიკოსი საკანონმდებლო ორგანოში “ქართული ოცნების” სახელით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევიდა. დეპუტატის მანდატისთვის გენადი მარგველაშვილმა #41 საჯარო სკოლის დირექტორობა, დიმიტრი მხეიძემ კი ყელ–ყურ – ცხვირის ექიმის პროფესია დათმო.

გამოუცდელებისთვის ნაწილობრივ უცხო დარჩა საკანონმდებლო სივრცე. ისინი კანონშემოქმედებით საქმიანობაში აქტიური მონაწილეობით არ გამოირჩეოდნენ, რასაც მათ შესახებ მოწოდებული ინფორმაცია მოწმობს.

ოთხი წლის განმავლობაში დიმიტრი მხეიძესა და გენადი მარგველაშვილს პარლამენტში არც ერთი კანონპროექტი არ შეუტანია. შესაბამისად, ქართულ საკანონმდებლო სივრცეში მათი უშუალო ავტორობით კანონი არ იძებნება.

საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ ქუთაისიპოსტისთვის მოწოდებული ინფორმაციით, დეპუტატის მანდატი, კანონშემოქმედებითი მიზნით, 4 წლის განმავლობაში მხოლოდ ცხრაჯერ გამოიყენა გენადი მარგველაშვილმა და ამდენივე კანონპროექტის ინიციატორთა შორის იყო, ხოლო დიმიტრი მხეიძემ კოლეგებთან ერთად 23 კანონპროექტზე იმუშავა.

შედარებით ნაყოფიერი აღმოჩნდა კობა ნარჩემაშვილის საქმიანობა. იგი “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა” და “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონპროექტების ერთ–ერთი ავტორია. იმუშავა 12 კანონპროექტის მომზადებაზე.

სამაგიეროდ, ნარჩემაშვილი ერთ–ერთი ყველაზე გამცდენი დეპუტატია. ბოლო მოწვევის პარლამენტში მან სულ 33 სხდომა გააცდინა, აქედან შვიდი არასაპატიოდ ჩაეთვალა. ექვს სხდომას არ დაესწრო გენადი მარგველაშვილი, ხოლო დიმიტრი მხეიძე 22 სესიაზე არ მივიდა. ოთხი წლის განმავლობაში მხოლოდ 15–ჯერ ისარგებლა სიტყვის უფლებით დიმიტრი მხეიძემ, 43–ჯერ კობა ნარჩემაშვილმა, ხოლო 60–ჯერ გენადი მარგველაშვილმა.

სამაგიეროდ, არაფერი დაკლებია მათ ანაზღაურებას. პარლამენტის აპარატის ინფორმაციით, მხოლოდ გასულ წელს სამივე დეპუტატმა ხელფასის სახით ჯამში 164 000 ლარი აიღო. მარტივი დაანგარიშებით გამოდის, რომ ბიუჯეტს ქუთაისის სამი დეპუტატის შენახვა ოთხი წლის განმავლობაში სულ მცირე 656 000 ლარი დაუჯდა.

დიმიტრი მხეიძისთვის არც სახელფასო ანაზღაურება და არც მაჟორიტარობისთვის განსაზღრული დრო საკმარისი არ არის. დეპუტატი ამბობს, რომ პარლამენტარს, მითუმეტეს, თუ ის მაჟორიტარია, საქმის გასაკეთებლად უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ეს ოთხი წელია. ხელფასი კი იმდენად მწირია, რომ სამედიცინო სფეროდან პოლიტიკაში გადასვლა მისთვის მსხვერპლის ტოლფასია.

“ძალიან ცოტა არის ეს ანაზღაურება პარლამენტის წევრისთვის. როცა მე ჯანდაცვის სისტემაში დავიწყე მუშაობა, შვიდი ათასი ლარი მქონდა ანაზღაურება და 12 ათას ლარზეც ავსულვარ. ახლა წარმოიდგინეთ, რა დონეზე უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ ამ ხელფასით მუშაობაზე დათანხმდე?! ათასი ხარჯი გაქვს, თბილისში ბინა უნდა იქირავო, ხუთი შვილი მყავს, ამხელა მსხვერპლი გავიღე ხო? მარამ მე ამას არც ერთი წამით არ ვნანობ. როცა და სადაც დავჭირდები ჩემს გუნდს, იქ ვიქნები. დროც არ მეყო, უფრო მეტი მინდოდა გამეკეთებინა. ვფიქრობ, ოთხი წელი მაჟორიტარისთვის არ არის საკმარისი”, – ამბობს დიმიტრი მხეიძე.

რაც შეეხება პარლამენტში მის პასიურობას, ამბობს, რომ ლაპარაკს საქმის კეთება ურჩევნია.

“მე პრაქტიკოსი ადამიანი ვარ და არა თეორეტიკოსი. არის ზოგი, სადღეგრძელოების თქმა რომ უყვარს, მაგრამ მე საქმის კეთება მირჩევნია”, – ამბობს  დიმიტრი მხეიძე.

სადეპუტატო ვადის ამოწურვის შემდეგ პროფესიით ექიმი კვლავ თავის საქმიანობას დაუბრუნდება.

4 წელი გეგმების განსახორციელებლად, არც გენადი მარგველაშვილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. დეპუტატი თავისი საქმიანობით ბოლომდე კმაყოფილი არ არის და ამბობს, რომ მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა.

“ბოლომდე კმაყოფილი ადამიანი არ უნდა იყო. უფრო ბევრის და უკეთესად გაკეთებაც შეიძლებოდა, ამისთვის მეტი ძალისხმევა და კონსოლიდაცია იყო საჭირო. თუმცა, მეორეს მხრივ, იმ სურვილების განხორციელებას, რაც გვქონდა, ცხადია, მეტი დრო სჭირდება. ჩემს სამაჟორიტარო ოლქში, ვფიქრობ, ბევრი რამ გაკეთდა და ეს თვალსაჩინოდ გამოჩნდა კიდეც, მაგრამ წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა”, – ამბობს გენადი მარგველაშვილი.

ახალ გამოწვევებს დეპუტატი უკვე განათლების სფეროდან უპასუხებს. გენადი მარგველაშვილი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ თავის საქმიანობას დაუბრუნდება, თუმცა, ჯერ ზუსტად არ იცის იქნება თუ არა ეს კვლავ #41 საჯარო სკოლა.

ოთხწლიანი საქმიანობის შეფასება არ ისურვა ყველაზე გამცდენმა დეპუტატმა. კობა ნარჩემაშვილმა ქუთაისიპოსტის ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხა.

სახელფასო ანაზღაურების მსგავსად, სოლიდურია ბიუჯეტიდან მაჟორიტარების ბიუროებისთვის გაწეული ხარჯიც. თითოეულ ბიუროს წლიურად 51 600 ლარიანი დაფინანსება ჰქონდა, რამაც ოთხი წლის განმავლობაში 619 200 ლარი შეადგინა.

მაჟორიტარული საქმიანობის განმავლობაში მხოლოდ 150 ადამიანს შეხვდა კობა ნარჩემაშვილი, გასაუბრება შედგა 300-თან. ბიუროში დასაქმებული ჰყავს ორი ადამიანი.

ხუთი თანამშრომელი ჰყავს გენადი მარგველაშვილს. მაჟორიტარი ოთხი წლის განმავლობაში 922 ადამიანს შეხვდა, აქედან რეაგირება მოხდა 328 შემთხვევაში.

სამი ადამიანია დასაქმებული დიმიტრი მხეიძის ბიუროში. გასული ოთხი წლის განმავლობაში დეპუტატმა 1441 ადამიანი მიიღო, 188-ს ბინაზე მიაკითხა. რაც შეეხება მოგვარებულ საკითხებს, ბიუროში გვეუბნებიან, რომ ზუსტი რიცხვის დათვლა შეუძლებელია, მაგრამ როგორც წესი, დადებითად გადაჭრილი პრობლემები, მომართვიანობის შესაბამისად, 5-10%-ს არ სცდება.

ოთხი წლის განმავლობაში მაჟორიტარების ხელფასისა და მათი ბიუროებისთვის გაწეულმა ხარჯმა, ჯამში 1 275 200 ლარი შეადგინა. სწორედ ამდენი დაუჯდა ბიუჯეტს ქუთაისის სამი მაჟორიტარი დეპუტატის შენახვა.

ქუთაისი ახალ მაჟორიტარს 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე აირჩევს.