„არჩევნების შემდეგ „თავისუფალი საქართველო“ იქნება ის პოლიტიკური გუნდი პარლამენტში, რომელიც ყველაზე უფრო მწვავე სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად იბრძოლებს“,- ეს განცხადება დღეს „თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, თენგიზ ომანიძემ გააკეთა.
მისი თქმით, დღეისათვის ყველაზე უფრო მწვავე პრობლემებს, მედიკამენტებსა და საწვავზე არსებული არანორმალურად მაღალი ფასი წარმოადგენს, ამის მიზეზი კი მონოპოლისტების მიერ დაწესებული ჩრდილოვანი კონტროლია.
„თავისუფალი საქართველო“, ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედ მონოპოლისტებს დღემდე ებრძვის, რაც პარტიის მიერ „იაფი მედიკამენტების პროგრამის“ განხორციელებით გამოიხატება. არჩევნების შემდეგ ეს კამპანია კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, ასევე ვგეგმავთ, აქტიურად დავიწყოთ ბრძოლა საწვავზე დაწესებული მაღალი ფასების მიმართულებითაც. აუცილებელია, რომ ბაზარზე არსებული მონოპლისტი კომპანიების გარდა, გაჩნდნენ სხვა მცირე კომპანიებიც, რისი შესაძლებლობაც დღეს მათ არ ეძლევათ. ამის მაგალითი კი კომპანია „ფრეგოა“, რომელმაც დედაქალაქში, საწვავის რეალიზაცია 50 თეთრით უფრო იაფად დაიწყო, რაც საბოლოო ჯამში იმით დასრულდა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და „ფრეგო“ დაიხურა“,-განაცხადა ომანიძემ.
ბრიფინგის დასასრულს დიდებე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ „თავისუფალი საქართველო“ აუცილებლად უზრუნველყოფს „ფრეგოსა“ და მსგავსი სახის სხვა კომპანიების ლობირებას, რათა მათ თავისუფალი და კონკურენტული საქმიანობის შესაძლებლობა მიეცეთ, ეს კი თენგიზ ომანიძის აზრით, ქვეყანაში არსებულ საწვავის ფასს საშუალოდ 50 თეთრით შეამცირდებს. ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.