საქართველოს მედია-კლუბი: 64 მუნიციპალიტეტიდან საარჩევნო სუბიექტების პლაკატების ჩამოხევის, დაზიანების, გადაკვრის ფაქტებზე რეაგირება არცერთს მოუხდენია

671

საქართველოს მედია-კლუბის ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში კვლავ მასობრივად ხდებოდა საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალის დაზიანებისა და ერთი სუბიექტის პლაკატებზე სხვა სუბიექტის პლაკატების გადაკვრის ფაქტები, თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებსაც, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 93-ე მუხლით, რეაგირება ევალებათ, კვლავაც უმოქმედოდ იყვნენ. ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, თავად საარჩევნო სუბიექტები თვითმმართველობებს დარღვევაზე რეაგირების მოთხოვნით, პრაქტიკულად, არ მიმართავდნენ.

„საქართველოს მედია-კლუბმა“ 64-ვე მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რამდენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა მუნიციპალიტეტის მერიამ უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების გამო. „64 მუნიციპალიტეტიდან არც ერთის აღმასრულებელ ორგანოს, საკუთარი ძალებით, არ გამოუვლენია სააგიტაციო მასალის უკანონოდ ჩამოხსნის, ჩამოხევის, დაფარვის ან დაზიანების ფაქტი, შესაბამისად, არც ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ არის შედგენილი“, – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

ორგანიზაციამ მუნიციპალიტეტებიდან ასევე გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რამდენმა საარჩევნო სუბიექტმა მიმართა მათ სააგიტაციო მასალის დაზიანების ან გადაკვრის ფაქტებზე რეაგირების მოთხოვნით და რა სახის რეაგირება მოახდინა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ. საქართველოს მედია-კლუბის ცნობით, 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ერთ – შუახევის მუნიციპალიტეტში, მხოლოდ ერთხელ მიმართა საარჩევნო სუბიექტმა კონკრეტული დარღვევის ფაქტზე მუნიციპალიტეტის მერიას რეაგირებისთვის.

„საარჩევნო სუბიექტები ხშირად წუხან მათი სააგიტაციო მასალის დაზიანების, ან მათზე სხვა სუბიექტის პლაკატების გადაკვრის გამო, თუმცა, რეაგირებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, პრაქტიკულად, არ მიმართავენ. „საქართველოს მედია-კლუბის“ მონიტორებთან საუბარში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ამის მიზეზად მოჰყავთ უნდობლობა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიმართ. ოპოზიციაში თვლიან, რომ თვითმმართველობის ორგანოებისადმი მიმართვა მათი დროის და რესურსების ფუჭი ხარჯვაა, რადგანაც მერია არანაირ სანქციებს არ გაატარებს კანონდამრღვევების მიმართ“, – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

საქართველოს მედია-კლუბის მეორე შუალედური ანგარიში მოიცავს წინასაარჩევნო პერიოდში 1 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით დაფიქსირებულ დარღვევებს. მონიტორინგი, „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის„წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი“ ფარგლებში ხორციელდება.